
ლოს ანჯელესის ცენტრალურ ნაწილში, საიმიგრაციო რეიდების საწინააღმდეგო აქციების გამო, ადგილობრივმა ხელისუფლებამ კომენდანტის საათი დააწესა. ქალაქის მერის, კარენ ბასის განცხადებით, შეზღუდვები საღამოს 20:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე იმოქმედებს და, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.
კომენდანტის საათი 1 კვადრატულ მილის ტერიტორიაზე ვრცელდება, რაც ქალაქის საერთო ფართობთან შედარებით მცირე ნაწილია.
ლოს ანჯელესის პოლიციის უფროსმა, ჯიმ მაკდონელმა აღნიშნა, რომ „ეს ზომა აუცილებელია უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ქონების დასაცავად.“
ბოლო დღეების განმავლობაში პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებების შედეგად 378 პირი დააკავეს. აქციები აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის (ICE) მიერ ჩატარებულ რეიდებს მოჰყვა და კვლავ დაძაბული ვითარებაა.