ლომჯარია პაპუაშვილს: შეეშვით სიცრუის გავრცელებას, დაკავდით საქმით

ლომჯარია პაპუაშვილს: შეეშვით სიცრუის გავრცელებას, დაკავდით საქმით

ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია შალვა პაპუაშვილს მოუწოდებს, თავი შეიკავოს პროპაგანდის გავრცელებისგან. მისი თქმით, სამწუხარო სანახავია, როცა პარლამენტის თავმჯდომარე საქმის ნაცვლად, სიცრუის ტირაჟირებითაა დაკავებული.

"ბატონო შალვა, თქვენც შეგიძლიათ იამაყოთ, რომ ჩემი სახალხო დამცველობის დროს: სტრასბურგის სასამართლო საქართველოს სახალხო დამცველის კომუნიკაციებს, მათ შორის არა მარტო საქართველოს საქმეებზე, საკუთარ გადაწყვეტილებებში ციტირებდა და საუკეთესო პრაქტიკის მაგალითებში ასახელებდა;

  • ევროკავშირის პარლამენტმა არაერთი რეზოლუცია მიიღო, სადაც საქართველოს სახალხო დამცველის და მისი აპარატის საქმიანობის მიმართ უპრეცედენტო მხარდაჭერა დააფიქსირა;
  • აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა სახალხო დამცველი და მისი გუნდი 2022 წლის უფლებადამცველის ჯილდოთი დააჯილდოვა. მსგავსი ჯილდო დეპარტამენტმა ბოლოს ათი წლის წინ გასცა;
  • საფრანგეთის პრეზიდენტმა სახალხო დამცველი დემოკრატიაში შეტანილი წვლილის გამო საფრანგეთის ღირსების ორდენით დააჯილდოვა;
  • საქართველოს სახალხო დამცველი მისი საერთაშორისო რეპუტაციის და აღიარების გამო აირჩიეს მსოფლიო ომბუდსმენთა გაერთიანების მმართველი საბჭოს წევრად", - აცხადებს ლომჯარია.

რაც შეეხება სააკაშვილის საქმეს, ლომჯარია წერს, რომ სტრასბურგის სასამართლომ დროებით ღონისძიებას სწორედ სახალხო დამცველის დასკვნა დაუდო საფუძვლად, რითაც სახელმწიფოს ექსპრეზიდენტის ციხიდან საავადმყოფოში გადაყვანა დაევალა.

"ასე რომ, ბატონო შალვა, შეეშვით სიცრუის გავრცელებას და დაკავდით იმ საქმით, რაც შეეფერება ჩვენი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარის ღირსებას და მანდატს", - წერს ყოფილი ომბუდსმენი.

***

პაპუაშვილმა ლომჯარია ადამიანის უფლებების საკითხს პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებასა და სახელმწიფოს წინააღმდეგ ტყუილს გავრცელებაში დაადანაშაულა.

მისი მტკიცებით, ყოფილი სახალხო დამცველი თანამდებობაზე ყოფნის დროს პოლიტიკურად მიკერძოებული იყო. პაპუაშვილი ირწმუნება, რომ ლომჯარია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით "ტყუილ დასკვნებს დებდა" და მას "სტრასბურგის სასამართლოს მიერ ტყუილში მხილებული სახალხო დამცველი" უწოდა.