ლილუაშვილის თქმით, ფარცხალაძეს თეთრი სახლის "რომელიღაც ჩინოვნიკის" გამო ბრალს ვერ წაუყენებენ

ლილუაშვილის თქმით, ფარცხალაძეს თეთრი სახლის "რომელიღაც ჩინოვნიკის" გამო ბრალს ვერ წაუყენებენ

სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი თქმით, წარმოუდგენელია, რომ "თეთრი სახლის "რომელიღაც ჩინოვნიკის" გამო აშშ-ის მიერ სანქცირებულ ოთარ ფირცხალაძეს ბრალი ჯაშუშობის ბრალი წაუყენონ.

"ასეთ მძიმე დანაშაულში სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება, პირზე ბრალის წაყენება მოითხოვს სტანდარტის უმაღლეს დონეს. თუ ეს სტანდარტი არ გაქვს, ან მტკიცებულებათა ერთობლიობა თუ არ გაძლევს ამის საშუალებას, ძალიან ძნელია ამ გზაზე წახვიდე, ფარცხალაძეს ან ნებისმიერ პირს თეთრი სახლის რომელიღაც ჩინოვნიკის განცხადებული სიტყვიერი ინფორმაციის საფუძველზე წაუყენო ბრალი ჯაშუშობაში. ეს არის წარმოუდგენელი", - ამბობს ლილუაშვილი.

***

14 სექტემბერს აშშ-მა ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს უკრაინაში მიმდინარე ომის კონტექსტში სანქციები დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ რუსეთს უსაფრთხოების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ გავლენის მოსახდენად იყენებდა.

18 სექტემბერს, სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს მის საკუთრებაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდა.

ოთარ ფარცხალაძე საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობას 2013 წლის 7 ნოემბრიდან 30 დეკემბრამდე იკავებდა.

ფარცხალაძისთვის სანქციები დაწესებულია უკრაინაში ომის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფარგლებში. სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში ფარცხალაძე "ქართველ-რუს ოლიგარქად" არის მოხსენიებული და წერია, რომ რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში საქმიანობს.

რაც შეეხება ოთარ ფარცხალაძის მოქალაქეობას, არსებული ინფორმაციით, მას რუსეთის მოქალაქეობა აქვს მიღებული. ამაზე საუბრობს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიც.

საქართველოში არსებული კანონმდებლობის თანახმად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში, მას ავტომატურად უნდა დაეკარგა საქართველოს მოქალაქეობა.

20 სექტემბერს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა.

22 სექტემბერს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე ფარცხალაძეს მოქალაქეობას არ უწყვეტს. ზურაბიშვილის თქმით, მიიჩნევს, რომ ყოფილი მთავარი პროკურორი თუ დასასჯელია, ის უნდა დაისაჯოს, როგორც საქართველოს მოქალაქე.

თუმცა ერთი თვის თავზე პრეზიდენტმა გადაწყვეტილება შეცვალა.