ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მტკიცებით, ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე ქვეყნის არაერთ საკვანძო უწყებას აკონტროლებს.
კერძოდ, ენმ აცხადებს, რომ ფარცხალაძის გავლენის ქვეშაა საუბრობს ფინანსთა სამინისტრო, შემოსავლების სამსახური, საბაჟო და ფინანსური პოლიცია. ასევე ხაბეიშვილის თქმით, ყოფილი მთავარი პროკურორი ასევე აკონტროლებს ფოთისა და ბათუმის პორტებს, საიდანაც, სავარაუდოდ, ხდება სანქცირებული ტვირთების გატარება.
ნაცონალური მოძრაობის თავმჯდომარის თქმით, სანქცირებული ფარცხალაძე ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურსა და საბაჟო დეპარტამენტს ვლადიმერ ხუნდაძის მეშვეობით განაგებს.
"ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ ამ ჯაშუშურ საქმიანობაში, ცხადია, მონაწილეობს ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი. უჩა მამაცაშვილის დახმარებით მიიღო სწორედ ფარცხალაძემ რუსეთის მოქალაქეობა.
FSB-ს აგენტები ფარცხალაძე და ლილუაშვილი ქვეყანაში აკონტროლებენ სტრატეგიულ ობიექტებს, მათ შორის, მათი ლობირებით დაინიშნა ბათუმის ნავთობტერმინალში საეჭვო წარსულის მქონე, რუსულ სპეცსამსახურებთან დაკავშირებული პირი გივი ქუთათელაძე, რომელიც პორტის უსაფრთხოების სამსახურის უფროსად მოგვევლინა რამდენიმე თვეა", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის მტკიცებით, FSB-ს მოთხოვნისა და ოთარ ფარცხალაძისა და გრიგოლ ლილუაშვილის ლობირებით, ბათუმის პორტში სახელმწიფო დაცვის ფუნქცია სოსო ალავიძემ აიღო.
რაც შეეხება ფოთის პორტის ნავთობტერმინალებს, ხაბეიშვილის თქმით, მათ აკონტროლებს ფარცხალაძე გრიგოლ ლილუაშვილის დახმარებით, რომელიც ასევე ხელს უწყობს სანქცირებული Petrocas-ის ნავთობის შემოტანას საქართველოში და მის ტრანსპორტირებას.
***
14 სექტემბერს აშშ-მა ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ რუსეთს უსაფრთხოების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ გავლენის მოსახდენად იყენებდა.
18 სექტემბერს, სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს მის საკუთრებაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდა - სებ-ის განცხადების თანახმად, ფარცხალაძეს საერთაშორისო ფინანსური სანქციების აღსრულების მექანიზმის გათვალისწინებით, ეზღუდება როგორც სახსრების განკარგვა, ისე ყველა სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობა.
ოთარ ფარცხალაძე საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობას 2013 წლის 7 ნოემბრიდან 30 დეკემბრამდე იკავებდა.
ფარცხალაძისთვის სანქციები დაწესებულია უკრაინაში ომის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფარგლებში. სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში ფარცხალაძე "ქართველ-რუს ოლიგარქად" არის მოხსენიებული და წერია, რომ რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში საქმიანობს.
სანქციების ქვეშ მოყვა ალექსანდრ ონიშენკო, რომელიც რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის (FSB) ოფიცერია, რომელიც, სავარაუდოდ, ფარცხალაძეს რუსული პასპორტისა და მოქალაქეობის მიღებაში დაეხმარა.