პარტია ლელო საქართველოსთვის გმობს საკრებულოს წევრ ირაკლი ეძგვერაძეზე ორგანიზებულ ჯგუფურ თავდასხმას, ნიკა მელიასა და მისი თანაგუნდელების დაკავებას და მოითხოვს დაუყოვნებლივ მათ გათავისუფლებას. გარდა ამისა, პარტიაში მიაჩნიათ, რომ ქართული ოცნება ძალადობრივი პოლიტიკით საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მინიჭებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.
"საქართველოს ხელისუფლებამ დიდი ხანია ზურგი აქცია სამართლის უზენაესობის პრინციპებს და უარი თქვა ქვეყანაში კონსტიტუციური უფლებების და წესრიგის დაცვაზე, პოლიტიკური დევნის მიზნით. "ქართული ოცნება" იცავს რუსეთის ჯაშუშებს, კრიმინალურ დაჯგუფებებს, რომლებსაც არჩევნებში იყენებს. ამავე დროს, ხელისუფლება ებრძვის დემოკრატიულ ოპოზიციას და თავისუფალ მედიას, დაუსჯელად ტოვებს მათ წინააღმდეგ ძალადობას", - აღნიშნავენ პარტიაში.
გლდანში საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატზე, ირაკლი ეძგვერაძეზე ჯგუფური თავდასხმა მაშინ მოხდა, როცა ნაციონალური მოძრაობის საკრებულოს დეპუტატი სახლში ბრუნდებოდა. ამას წინ დღეს საკრებულოს სხდომაზე ხმაური და დაპირისპირება უძღოდა. ერთმანეთს ეძგვერაძე და ქართული ოცნების გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი, კოტე ზარნაძე დაუპირისპირდნენ.
თავდასხმის დროს ეძგვერაძესთან ერთად მეგობრები იმყოფებოდნენ და მათაც სცემეს. მისი თქმით, მათ მოულოდნელად ათაბოთ ადამიანი დაესხა თავს.
ზარნაძე ფორმულასთან უარყოფს, რომ თავდასხმა მასსა და ეძგვერაძეს შორის დაპირისპირებას უკავშირდება და ამბობს, რომ მომხდარი ძალადობის შესახებ პირველად ესმის.
მომხდარის შემდეგ ეძგვერაძის სახლთან ნაციონალური მოძრაობის წევრები მივიდნენ, რომლებიც პოლიციამ დააკავა. დაკავებულები არიან ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა. არსებული ინფორმაციით, ისინი დიღმის იზოლატორში არიან გადაყვანილები.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოპოზიციონერ დეპუტატზე, ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.