ლელო: განათლების ე.წ მინისტრის ბრძანებით სკოლებში ოდეერის ინსტიტუტი ბრუნდება

ლელო: განათლების ე.წ მინისტრის ბრძანებით სკოლებში ოდეერის ინსტიტუტი ბრუნდება

ლელო-ძლიერი საქართველოს ბათუმის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი, როლანდ შავაძე გამოეხმაურა საჯარო სკოლებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრების დანიშვნას და თქვა, რომ ეს ყველაფერი ქართული ოცნების პროპაგანდისთვის კეთდება და რომ ისინი სკოლებში ოდეერის ინსტიტუტ აბრუნებენ.

შავაძის განცხადებით, ნებისმიერ სკოლას აქვს შესაძლებლობა თავად აწარმოოს პერსონალური მონაცემების დაცვა და შესაბამისად,ქართული ოცნების ეს გადაწყვეტილება არის პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე.

"განათლების ე.წ მინისტრის ბრძანებით სკოლებში ბრუნდება ოდეერის ინსტიტუტი. მან შესაბამის ბრძანებას ხელი რამდენიმე დღის წინ მოაწერა. აღნიშნული ბრძანების საფუძველზე რესურსცენტრის უფროსებს შესაძლებლობა ეძლევათ სკოლებში ჰყავდეთ წარმომადგენლები ე.წ ოფიცრები, რომლებმაც თითქოს და სკოლებში უნდა აწარმოონ პერსონალური მონაცემების დაცვა.

რეალურად კი ამ ადამიანების მიზანია სკოლებში უფრო მეტი რეჟიმის დამყარება, სკოლების კონტროლში მოყვანა და მასწავლებლებისა და სკოლის დირექტორების პოლიტიკურ წნეხში მოქცევა. ეს არის წმინდა კაგებეშნიკური მოდელი და ეს ადამიანები, რომლებიც იქნებიან სკოლებში რეალურად ჩაკლავენ შემოქმედებით თავისუფლებას და ისინი გაავრცელებენ ქართული ოცნების პროპაგანდას.

ნებისმიერ სკოლას აქვს შესაძლებლობა თავად აწარმოოს პერსონალური მონაცემების დაცვა და შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება არის პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე",- თქვა როლანდ შავაძემ ბრიფინგზე.

ქართული ოცნების განათლების მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც, საჯარო სკოლებში რესურსცენტრის თანამშრომლები დაინიშნებიან და ისინი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ფუნქციებს შეასრულებენ.

წულაძემ შესაბამის ბრძანებას ხელი 12 მარტს მოაწერა.