ლექსმანი ღარიბაშვილზე: ქართული კოშმარი ქართველების ევროპული მისწრაფების წინააღმდეგ მუშაობს

ლექსმანი ღარიბაშვილზე: ქართული კოშმარი ქართველების ევროპული მისწრაფების წინააღმდეგ მუშაობს

ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი ტვიტერზე ეხმაურება საქართველოს ევროპელი სოციალისტების გაერთიანების მხრიდან საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის კრიტიკას მიესალმება.

მისი თქმით, გაერთიანების მხრიდან კონსერვატიულ პოლიტიკურ სამოქმედო კონფერენციაში (CPAC) ღარიბაშვილის მონაწილეობის დაგმობა და ოცნებისთვის PES-ის მომავალ სხდომაზე სტატუსის შესაძლო შეჩერება მისასალმებელია, თუმცა დაგვიანებული.

"ამგვარი შეფასება ძალიან მისასალმებელია, მაგრამ ძალიან დაგვიანებული. ქართული კოშმარი ჩვენი ღირებულებების და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების წინააღმდეგ მუშაობს“ - წერს მირიამ ლექსმანი.

ევროპელი სოციალისტების პარტია (PES) უნგრეთში საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის კონსერვატიულ პოლიტიკურ სამოქმედო კონფერენციაში (CPAC) მონაწილეობის მიღებას გმობს.

PES-ის ვიცე-პრეზიდენტმა ქეთი პირიმ თქვა, რომ ღარიბაშვილის ქმედებები ეწინააღმდეგება პოლიტიკური გაერთიანების ღირებულებებს. მისივე თქმით, PES-ის მომავალ სხდომაზე ქართული ოცნებისთვის სტატუსის შეჩერებას განიხილავენ, რაც "აუცილებელი ნაბიჯია".

ღარიბაშვილი უნგრეთში იმყოფება, სადაც კონსერვატიულ პოლიტიკურ სამოქმედო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. მან ისაუბრა ტრადიციულ ღირებულებებზე, "ოჯახის სიწმინდეზე" და მისი გამოსვლა შეიცავდა ჰომოფობიურ და პროპაგანდისტულ გზავნილებს.

ღარიბაშვილმა ისაუბრა ორბანზეც: "უნგრელ ხალხს ძალიან გაუმართლა, რომ ამ რთულ ეპოქაში ასეთი ბრძენი და შორსმჭვრეტელი ეროვნული ლიდერი ჰყავს, რომელიც იცავს საკუთარი მამაცი ხალხისა და უნგრეთის ინტერესებს, ფუნდამენტური ღირებულებების სადარაჯოზე დგას და ნამდვილად სამაგალითო პოლიტიკოსი, მებრძოლი ქრისტიანი კაცია".