ლეღვაში 19 წლის გიორგი ალხანიშვილის მკვლელობის საქმეზე კიდევ სამ ადამიანს პატიმრობა მიესაჯა

ლეღვაში 19 წლის გიორგი ალხანიშვილის მკვლელობის საქმეზე კიდევ სამ ადამიანს პატიმრობა მიესაჯა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლეღვაში, 19 წლის გიორგი ალხანიშვილის მკვლელობის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა - სასამართლომ კიდევ სამი დაკავებული ცნო დამნაშავედ.

დაკავებულებიდან ერთს 4 წლითა და 6 თვით, ორს კი 5 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გამოძიება მათ დანაშაულის შეუტყობინებლობას და დანაშაულის დაფარვას ედავებოდა.

ისინი მკვლელობაში ბრალდებულის, ალექსანდრე ბაჟუნაიშვილის მეგობრები არიან.

მოსამართლის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ დაკავებულების ახლობლების პროტესტი და ხმაური მოჰყვა.

ამავე საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე, განაჩენი 12 თებერვალს გამოცხადდა - სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებულის მამა, გიორგი ბაჟუნაიშვილი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და მას 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, ასევე 10 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა ბრალდებულის ბიძას, დავით ბაჟუნაიშვილს. მას ბრალდება განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაულის შეუტყობინებლობას მუხლით ჰქონდა წარდგენილი. რაც შეეხება ბრალდებულის კიდევ ერთ ბიძას, რომელიც სასულიერო პირია, ის სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.

***

დაღუპულის გაუჩინარების შესახებ პოლიციაში შეტყობინება გასული წლის 22 მაისს შევიდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წლის 16 მაისს 2003 წელს დაბადებული ბრალდებული და დაღუპული მეგობრის სახლში იმყოფებოდნენ, როდესაც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაჭრა მოხდა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, ახალგაზრდა კაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა და კიდევ ერთმა პირმა ცხედარი ავტომობილით სოფლიდან მოშორებით წაიღეს და ტყის პირას დამარხეს.

შსს-ში აცხადებენ, რომ მკვლელობაში ბრალდებულმა პირმა 19 მაისს ქვეყანა დატოვა. მას ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 375- მუხლის მე-2 და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას და დაფარვას გულისხმობს.