ქობულეთში, 19 წლის გიორგი ალხანიშვილის მკვლელობის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა. საუბარია ბრალდებულის მამისა და ბიძების ეპიზოდზე.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ, ბრალდებულის მამა, გიორგი ბაჟუნაიშვილი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და მას 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, ასევე 10 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. მას მოწმეებზე ზემოქმედებას ედავებოდნენ.
მოსამართლის გადაწყვეტილებით 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა ბრალდებულის ბიძას, დავით ბაჟუნაიშვილს. მას ბრალდება განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაულის შეუტყობინებლობას მუხლით ჰქონდა წარდგენილი. რაც შეეხება ბრალდებულის კიდევ ერთ ბიძას, რომელიც სასულიერო პირია, ის სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.
***
დაღუპულის გაუჩინარების შესახებ პოლიციაში შეტყობინება გასული წლის 22 მაისს შევიდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წლის 16 მაისს 2003 წელს დაბადებული ბრალდებული და დაღუპული მეგობრის სახლში იმყოფებოდნენ, როდესაც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაჭრა მოხდა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, ახალგაზრდა კაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა და კიდევ ერთმა პირმა ცხედარი ავტომობილით სოფლიდან მოშორებით წაიღეს და ტყის პირას დამარხეს.
პოლიციამ დანაშაულის დაფარვის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა. გარდა ამისა, მკვლელობის შემსწრე 2 ადამიანი, რომლებმაც პოლიციას დანაშაულის შესახებ არ შეატყობინეს. ამასთან, შსს-ში აცხადებენ, რომ მკვლელობაში ბრალდებულმა პირმა 19 მაისს ქვეყანა დატოვა. მას ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 375- მუხლის მე-2 და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას და დაფარვას გულისხმობს.