ლაზარეს ადვოკატი: განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის გადასაცემად მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო

ლაზარეს ადვოკატი: განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის გადასაცემად მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო

ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატები აცხადებენ, რომ მოსამართლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, რომელიც სასამართლოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უნდა გადაეგზავნა, ზურაბიშვილის ადმინისტრაციაში ამ დრომდე არ მისულა.

კერძოდ ისინი ამბობენ, რომ მას შემდეგ რაც თბილისში საქალაქო სასამართლოში განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გადმოსაცემად მივიდნენ, მოსამართლის თანაშემწემ წერილი გადასცა. აღნიშნულ წერილში განმარტებულია, რომ განჩინების სარეზოლუციო ნაწილი ამ საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ ადვოკატებს არაუგვიანეს 5 დღეში უნდა გადაეცეთ, თუმცა, ასევე აღნიშნულია, რომ რთულ, მრავალტომიან საქმეებში მოსამართლეს აქვს უფლება 14 დღის ვადაში გადასცეს ადვოკატებს აღნიშნული დოკუმენტი.

ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატები და ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მოსამართლე ზვიად შარაზე ხელისუფლების დავალებებს ასრულებს. კერძოდ მაქსიმალურად ცდილობს გამოიყენოს ვადა და დროში გააჭიანუროს ადვოკატებისთვის სარეზოლუციო ნაწილის გადაცემა, იმისთვის, რომ გრიგორიადისმა საპატიმრო დაწესებულებაში მეტი დრო გაატაროს.

***

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თქმით, მან 12 აპრილს, დილის 10:00 საათზე მიიღო გადაწყვეტილება მარტის აქციების შემდეგ დაკავებული აქტივისტის, ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებაზე. ეს განცხადება მან ტვ პირველის ეთერში, ინგა გრიგოლიას გადაცემაში გააკეთა.

12 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისი მარტის აქციების საქმეზე დამნაშავედ ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ გამოაცხადა.

გრიგორიადისის საქმის განხილვა 8 აპრილს დასრულდა.

2023 წლის 31 მარტს სასამართლომ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს - შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.

აქტივისტის წინააღმდეგ ხელისუფლებამ მალევე სიძულვილის კამპანია დაიწყო, ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მას არაერთხელ უწოდა "ორიენტაციაარეული".

22 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 7-8 მარტის აქციებზე დაზარალებულმა პოლიციელებმა, სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მხარდაჭერით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებისგან თავის შეკავების თაობაზე განცხადებით მიმართეს.