დაკავებული აქტივისტის, ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი 18 მაისს, 11:00 საათზე ჩაინიშნა. საქმეს მოსამართლე ზვიად შარაძე განიხილავს. შარაძე ე.წ კარტოგრაფების საქმის მოსამართლეცაა.
გრიგორიადისის პროცესი დღეს, 8 მაისს უნდა გამართულიყო, თუმცა გადაიდო.
***
31 მარტს სასამართლომ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს - შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.
აქტივისტის წინააღმდეგ ხელისუფლებამ სიძულვილის კამპანია დაიწყო. უკვე ორჯერ ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ "ორიენტაციაარეული" უწოდა.
ადვოკატმა ლიკა ბითაძემ პენიტენციურ დაწესებულებაში ლაზარე გრიგორიადისის მონახულების შემდეგ თქვა, რომ დაკავებისას აქტივისტის უფლებები დაირღვა. ბითაძის თქმით, გრიგორიადისს თავდაპირველად არ მისცეს ადვოკატთან შეხვედრის საშუალება და თმა მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაპარსეს. პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს.