"ლაზარეს თავისუფლებისთვის" - ამ სახელწოდებით აქცია ხვალაც ჩაინიშნა.
აქცია 1 აპრილს 20:00 საათზე გაიმართება.
მისი ორგანიზატორები ევროპული საქართველო, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება და თავისუფლების ინსტიტუტი არიან.
"ლაზარე გრიგორიადისი ხელისუფლებამ შეარჩია იმ ნიშნით, რომ მისი სტილის გამო, მისი დემონიზება იოლი იქნებოდა. ლაზარეს დაკავება მინიმუმ შერჩევითი სამართალია იმ რეჟიმისგან, რომელიც პუტინისტური ძალადობის ორგანიზატორებს არ სჯის და პუტინისტ მოძალადეებს, რომელიც პოლიციას ქვებს ესვრის ხოლმე, უბრალოდ აჯარიმებს. მარტის აქციების დროს ქართველმა ხალხმა წარმატებას მიაღწია და ხელისუფლებას, ამ ეტაპზე მაინც, ხელი ააღებინა უცხო გავლენის შესახებ რუსული კანონის მიღებისგან, არ შეიძლება ამ უკანდახევით გამოწვეული ბრაზი ლაზარეზე გადავატეხინოთ. ყველამ უნდა გადავარჩინოთ ის, ვისაც რუსეთის გამო მსხვერპლად სწირავენ ! მისი დაჩაგვრა არ უნდა დავუშვათ ! შაბათს, 1 აპრილს, 20:00 საათზე მთავრობის კანცელარიასთან"- ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
მხარდამჭერი აქცია დაგეგმილია დღესაც.
სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს - შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 29 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ დააკავეს ერთი ადამიანი, ვინც მათი მტკიცებით, 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა. უწყება ამტკიცებს, რომ ამის შედეგად, პოლიციელებმა დაზიანებები მიიღეს.
გრიგორიადის დაკავების შესახებ შსს-ის განცხადების შემდეგ სახელისუფლებო პროპაგანდისტულმა მედია POSTV-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ძალადობის ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი წარსულში "მამის მიმართ ძალადობაზეა ნასამართლევი".
შსს-ს განცხადებით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს და 7-9 მარტს მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს "მომხდარ ძალადობრივ ქმედებებზე" საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.