"არა დევნას, არა ავტორიტარიზმს" - ამ სახელწოდებით დღეს, პარლამენტთან, ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია ჩაინიშნა. აქცია 20:00 საათზე გაიმართება.
სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს - შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.
აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ დღეს ავტორიტარულმა რეჟიმმა ოფიციალურად დაიწყო 7-8 მარტის აქციებში მონაწილეების პოლიტიკური დევნა. ისინი საზოგადოებას პარლამენტთან შეკრებისკენ მოუწოდებენ.
"დღეს, როდესაც ავტორიტარულმა რეჟიმმა, ოფიციალურად დაიწყო პოლიტიკური დევნა 7-8 მარტის აქციებში მონაწილეებზე, ჩვენი მოვალეობაა ისევ გამოვიდეთ და დავანახოთ ამ ფარჩაკებს, რომ საქართველო რუსეთი არაა და არ გაუვათ ის, რასაც ასე გამალებით ცდილობენ.
დღეს აუცილებლად ყველანი უნდა გამოვიდეთ გარეთ, მხარდაჭერა გამოვუცხადოთ და მოვითხოვოთ ლაზარე გრიგორიადის გათავისუფლება. მხოლოდ ერთიანი ძალებით შევძლებთ ჩვენ ამ მიზნის მიღწვას, ამიტომ დღეს, ყველანი 8 საათზე უნდა შევიკრიბოთ პარლამენტთან", - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 29 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ დააკავეს ერთი ადამიანი, ვინც მათი მტკიცებით, 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა. უწყება ამტკიცებს, რომ ამის შედეგად, პოლიციელებმა დაზიანებები მიიღეს.
გრიგორიადის დაკავების შესახებ შსს-ის განცხადების შემდეგ სახელისუფლებო პროპაგანდისტულმა მედია POSTV-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ძალადობის ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი წარსულში "მამის მიმართ ძალადობაზეა ნასამართლევი".
შსს-ს განცხადებით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს და 7-9 მარტს მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს "მომხდარ ძალადობრივ ქმედებებზე" საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.