რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თქმით, სანამ კიევს "ომის პარტია" მართავს, ამ პირობებში მშვიდობის საკითხზე დიალოგი ძნელი წარმოსადგენია.
"კიევს "ომის პარტია" მართავს, ის ცდილობს, როგორც მინიმუმ, სიტყვით დაამარცხოს რუსეთი "ბრძოლის ველზე". ასეთ პირობებში მშვიდობის საკითხზე დიალოგი ძნელი წარმოსადგენია", - თქვა სერგეი ლავროვმა.
რუსული პროპაგანდისტული მედიის Ria Novosty-ს ცნობით, მინისტრმა დაამატა, რომ რუსეთი მზადაა კიევთან მოლაპარაკებებისთვის, თუმცა აღნიშნავს, რომ სამშვიდობო პროცესი არ უნდა გადაიზარდოს შესვენებაში, რომელსაც უკრაინა ჯარებიც გადაჯგუფებისთვის გამოიყენებს.
საგარეო საქმეთა მინისტრმა "უკრაინაში კრიზისის მოგვარების დაჩქარების" პირობებიც დაასახელა. ის ამბობს, რომ მშვიდობის მისაღწევად დასავლეთმა კიევისთვის იარაღის მიწოდება უნდა შეწყვიტოს.
გასულ კვირას 4 რუსულ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს უკრაინაში მიმდინარე ფრონტის ხაზებზე ცეცხლის შეწყვეტა სურს.
წყაროების თანახმად, ვლადიმერ პუტინს ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკების დაწყება სურს იმ პირობით, რომ შეთანხმება აღიარებს მიმდინარე ფრონტის ხაზებს. ასევე, წყაროები ამბობენ, რომ ის მზადაა გააგრძელოს ომი, თუ კიევი და დასავლეთი არ უპასუხებენ.
Reuters-ის თანახმად, სამი წყარო, რომელიც იცნობს პუტინის გარემოცვაში არსებულ დისკუსიებს, ამბობს, რომ რუსეთის ლიდერმა მრჩეველთა მცირე ჯგუფთან იმედგაცრუება გამოთქვა იმაზე, რომ მოლაპარაკებების შეჩერება და უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ მოლაპარაკებების გამორიცხვა დასავლეთის მიერ არის მხარდაჭერილი.