რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვი ამბობს, რომ ქართული მხარე 3+3 ფორმატში გაწევრიანებაზე "ჯერ კიდევ ფიქრობს" და აღნიშნავს, რომ "თბილისისთვის კარი ღიაა".
ლავროვმა ეს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მოლაპარაკების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ქართული მხარე ჯერ კიდევ ფიქრობს ამ ფორმატში მონაწილეობაზე. პირველი შეხვედრა შედგა, თბილისისთვის კარი ღიაა. ახლა ვმუშაობთ 3+3 ფორმატის მეორე შეხვედრის მოწვევაზე. დასავლეთი უკვე აქტიურად მუშაობს ამ სტრუქტურისთვის ძირის გამოთხრაზე, რომელმაც ახლახან დაიწყო ჩამოყალიბება"- ამბობს ლავროვი.
3+3 ფორმატის იდეა 2020 წლის ყარაბახის ომის შემდეგ, 10 დეკემბერს, ბაქოში აზერბაიჯანის და თურქეთის პრეზიდენტებმა, ილჰამა ალიევმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა წამოაყენეს.
ის გულისხმობს კავკასიის სამი ქვეყნის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის, და რეგიონის სამი დიდი სახელმწიფოს: ირანის, რუსეთისა და თურქეთის თანამშრომლობას. ფორმატმა უნდა მოიცვას უსაფრთხოების, ეკონომიკის და სატრანსპორტო საკითხები.
საქართველო მასში მონაწილეობაზე უარს ამბობს, თუმცა ფორმატში მონაწილეობის შესაძლებლობაზე 2021 წლის 8 ოქტომბერს მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ილაპარაკა. მან თქვა, რომ "ჩვენ რაღაც ფორმით ამ დიდ გეოპოლიტიკურ პროექტებსა და ურთიერთობებში მაინც უნდა ვიყოთ, რა თქმა უნდა, არა სახელმწიფო ინტერესების და ოკუპანტთან რაღაც დათმობის ხარჯზე".
კრიტიკის შემდეგ საგარეო უწყების პრესსამსახურმა დააზუსტა, რომ ზალკალიანის განცხადება არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელდა და რომ საქართველო რუსეთთან ერთად 3+3 ფორმატში მონაწილეობას არ განიხილავს.