რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საქართველოში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ თბილისში გამართულმა აქციებმა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლად აქცია", მიუხედავად იმისა, რომ უცხოური აგენტების შესახებ კანონი საკმაოდ "რბილია".
"აქციებმა, რომლებიც ახლა საქართველოში იმართება სალომე ზურაბიშვილი სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლად აქცია, მიუხედავად იმისა, კანონი ძალიან რბილია. თავად აშშ-ში, საფრანგეთში, პოლონეთსა და ბევრ სხვა ქვეყანაში არის კანონები, რომელთა დარღვევაც ჯარიმებით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით ისჯება - თუ ფულს იღებთ, ამის შესახებ არ განაცხადებთ და ამ ფულით რაიმე არასწორს ჩაიდენთ", - თქვა მან.
რუსულ კანონზე საუბრისას ლავროვმა ხაზი გაუსვა, რომ ეს კანონმდებლობა სხვა დასავლურ ქვეყნებთან შედარებით უფრო რბილია და ქართული ვერსია კანონპროექტი მხოლოდ თანხების დეკლარაციის აუცილებლობას მოითხოვს, თუ ორგანიზაცია დაფინანსების 20%-ზე მეტს საზღვარგარეთიდან იღებს.