ლატვიის საგარეო მოუწოდებს მთავრობას, დაუყოვნებლივ გამოიძიოს გამოვლენილი დარღვევები

ლატვიის საგარეო მოუწოდებს მთავრობას, დაუყოვნებლივ გამოიძიოს გამოვლენილი დარღვევები

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო 26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებს განცხადებით ეხმაურება და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები, რათა გამოიძიონ პროცესში გამოვლენილი დარღვევები.

ლატვიის საგარეო შეშფოთებას გამოხატავს არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების დასკვნებზე და აღნიშნავს, რომ არჩევნები შესამჩნევად გამოხატული პოლიტიკური პოლარიზაციის ფონზე ჩატარდა.

"ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დამოუკიდებელი საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების დასკვნების შესახებ. ის ჩატარდა შესამჩნევად გამოხატული პოლიტიკური პოლარიზაციის, პოლიტიკურ ძალასა და ოპოზიციას შორის დაძაბულობის ფონზე. ამავდროულად, განსაკუთრებით სიტუაციის გათვალისწინებით, მისასალმებელია ამ არჩევნებში ქართველი ხალხის ინტერესი - როგორც მაღალი აქტივობა, ასევე ქართველი ხალხის ინტერესი მიმდინარეობასა და შედეგებში.

დამკვირვებლები გამოაქვეყნეს მოსაზრება სერიოზულ დარღვევებზე როგორც არჩევნების წინა პერიოდში, ასევე არჩევნების დღეს, რაც მოიცავს ოპოზიციის დაშინებას, საარჩევნო პროცესში ჩარევას, ფართომასშტაბიანი ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას, ამომრჩეველზე წნეხსა და მათ დაშინებას, ასევე ამომრჩეველთა კონფიდენციალურობის მასობრივ დაუცველობასა და სხვა სახის დარღვევებს.

ლატვია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები, რათა გამოძიებული იყოს გამოვლენილი დარღვევები და [მოუწოდებს] უზრუნველყოს ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების საარჩევნო პროცესებში ნდობა და მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების დაცვა. საქართველოს ხელისუფლებამ და სამართალდამცავმა ორგანოებმა პატივი უნდა სცენ საქართველოს მოქალაქეების უფლებას, გამოხატონ საკუთარი შეხედულება არჩევნებში, დემოკრატიული პრინციპების შესაბამისად. საარჩევნო შედეგებს შეფასება საქართველოს მოსახლეობამ უნდა მისცეს", - ნათქვამია განცხადებაში.

***

2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ცესკოს შედეგები ასეთია:

  • ქართული ოცნება - 53.92%
  • კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა – 11.03% (229 006 ხმა);
  • ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა – 10.16% (210 895 ხმა);
  • ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის – 8.81% (182 891 ხმა)
  • გახარია საქართველოსთვის -7.77% (161 250 ხმა)

ცესკოს შედეგებს არ აღიარებენ ოპოზიციური პარტიები, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები.

სადამკვირვებლო ორგანიზაციების ცნობით, არჩევნების დღეს და წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირდა შემდეგი დარღვევები:

  • ბიულეტენების ჩაყრის შემთხვევები
  • მრავალჯერადი ხმის მიცემა, ე.წ. კარუსელი
  • მარკირების პროცედურის დარღვევა
  • ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა
  • დამკვირვებლის უფლების შეზღუდვა/ უბნიდან გაძევება
  • 1-ზე მეტი ბიულეტენის გადაცემა
  • ამომრჩევლის დაშინება/მოსყიდვა
  • მუქარა და ფიზიკური ანგარიშსწორება
  • უბანზე ამომრჩევლის აღრიცხვა

ოპოზიციური პარტიები საუბრობენ იმაზეც, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში ამომრჩევლებისთვის პირადობების გამორთმევით ქართულმა ოცნებამ მონაცემების გაციფრულება და აპარატებში დუბლირებით ჩამატება მოახერხა.

26 ოქტომბრის არჩევნებს გამოეხმაურა საერთაშორისო საზოგადოება, დასავლელი პარტნიორები და ყველა მათგანი საარჩევნო პროცესში არსებულ დარღვევებზე საუბრობს.

მათ შორის, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა, რომელიც MEGOBARI აქტის ერთ-ერთი ავტორია, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდა, რომ 26 ოქტომბერს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში გაყალბებისა და რუსეთის ჩარევის ბრალდებები ყურადღებით შეისწავლოს.

ევროპული საბჭოს კომისიამ მოუწოდა ცესკოს, გამოიძიონ და განიხილონ არჩევნების პროცესში დარღვევები.

ჩატარებული არჩევნების წინასწარი შეფასებები გააკეთა ეუთო/ოდირმაც. მათი შეფასებით, არჩევნების დღეს იყო დარღვევები, ხშირად ირღვეოდა ხმის ფარულობა, ასევე იყო პროცედურული შეუთავსებლობები.

სადამკვირვებლო მისიამ აღნიშნა, რომ არჩევნების დღე კარგად იყო ორგანიზებული, თუმცა მას თან ახლდა დაძაბული გარემო და ამომრჩევლის დაშინების შემთხვევები.

ცესკოს მიერ შედეგების გამოცხადების შემდეგ ქართულმა ოცნებამ თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. ცესკოს შედეგებით კმაყოფილნი არიან რუსეთშიც. ოცნებას გამარჯვება მხოლოდ უნგრეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა მიულოცეს.