21 წლის ლაშა ჟღენტი, რომელიც ქუჩაში ჩხრეკის დროს, პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს, საქალაქო სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და ორი ათას ლარით დააჯარიმა. ადვოკატი გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
ადვოკატი მოსამართლეს მიკერძოებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ მან წარმოდგენილი მოწმეები არ გამოჰკითხა და მხოლოდ პოლიციის ჩვენებებს დაეყრდნო. პარალელურად, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურშიც. ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოს ოთხი თანამშრომელი ლაშა ჟღენტის მიმართ ფიზიკურ ძალადობას და სიტყვიერ შეურაცხყოფას ამ დრომდე უარყოფს.
"ოქმში რაც წერია, ეგ უნდა იყოს ჩემი დაკავების მიზეზი. მიუხედავად ისა, რომ სასამართლოზე მოვიდნენ და სულ სხვა რაღაცას იძახდნენ, ჩემი დაკავების მიზეზი კი სხვა იყო, მაინც როგორღაც გაამართლა მოსამართლემ ისინი. არ ვარ მართლა დამნაშავე, არაფერი დამიშავებია", - ამბობს ლაშა ჟღენტი.
21 წლის ლაშა ჟღენტმა განაცხადა, რომ პოლიციამ ქუჩაში გააჩერა, ჩხრეკის დროს კი მასზე იძალადა. ოჯახი ამბობს, რომ პოლიციელებმა იძალადეს ლაშას ბებიაზეც.
შემთხვევა გოგებაშვილის ქუჩაზე 20 ივლისს მოხდა. ახალგაზრდა კაცი ამბობს, რომ პოლიციამ ის გააჩერა და ჩხრეკა დაიწყო. მისივე თქმით, მოხდა ეთიკური ნორმების დარღვევა, რაზეც მან პოლიციას მიუთითა, რის შემდეგაც, ჟღენტის ცნობით, დაიწყო დაკავების ოპერაცია და მასზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად იძალადეს.