ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი დაუყოვნებლივ უნდა მოემზადოს რადიკალური ცვლილებებისთვის, რომლებიც უკრაინისა და სხვა ქვეყნების მისაღებად არის საჭირო.
ყოველწლიურ მიმართვაში ევროკავშირის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ფონ დერ ლაიენმა გაერთიანების წევრ ქვეყნებს მოუწოდა EU-ს გაფართოებისკენ მოემზადონ.
"ჩვენ არ შეგვიძლია თავს მივცეთ იმის უფლება, რომ ჩვენი ევროპელი ძმები უკან დავტოვოთ", - თქვა ლაიენმა.
მისივე თქმით, ევროკავშირის გაფართოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბიუჯეტის გაზრდა, ასევე ის, თუ რას და როგორ აფინანსებს ბლოკი და ამას ემატება "უსაფრთხოების სანდო ვალდებულებები", რაც ომის პირობებში მყოფი უკრაინის ბლოკში გაწევრიანების სურვილის საპასუხო უნდა იყოს.
"ეს ის საკითხებია, რომლებიც ჩვენ უნდა მოვაგვაროთ დღეს, თუ გვინდა ხვალინდელი დღისთვის მომზადებულები ვიყოთ", - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა და თქვა, რომ ეფექტური კანონმდებლობაა საჭირო.
ევროკავშირში ამჟამად 27 წევრი სახელმწიფოა. ბლოკი შესაძლოა 36 ან 37 წევრამდე გაფართოვდეს, მითუმეტეს რომ 9 ქვეყანა რიგში დგას, მათ შორის არის საქართველოც, რომელიც გაწევრიანებისკენ გარკვეულ გზაზე იმყოფება.
"მიმაჩნია, რომ ევროპის გუნდი 30-პლუს წევრითაც იმუშავებს", - განაცხადა ლაიენმა.