ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდამსხმელი კობა ფიფიაშვილი 4000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ია ბარამიძემ მიიღო.
ფიფაიშვილს ასევე აეკრძალა ლადო აფხაზავასა და მის თანმხლებ პირთან მიახლოება და ყველანაირი სახის კომუნიკაცია.
მანამდე პროკურატურამ ფიფიაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის გ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ორი პირის მიმართ) წარუდგინა, რაც ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"2024 წლის 5 მაისს, ქალაქ ლანჩხუთში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა კ.ფ.-მ მეზობლად მცხოვრები ორი პირის მიმართ ფიზიკურად იძალადა, კერძოდ, ორივე მათგანს სახის არეში ხელი დაარტყა", - წერდა უწყება.
აფხაზავს თავს 5 მაისს დაესხნენ. აფხაზავამ ფორმულას უთხრა, რომ მას კორპუსის სადარბაზოსთან დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისი თქმით, დაარტყეს თანმხლებსაც, რომლის მეურვეც თავად აფხაზავაა. აფხაზავა ამბობს, რომ თავდამსხმელები მას ნაცს ეძახდნენ.
აფხაზავამ თავადვე გაავრცელა თავდასხმის ფოტო და ვიდეო მასალა, რომლებშიც თავდამსხმელები ჩანან.