ქუთაისში, არასრულწლოვნებს სავარაუდოდ პატრულის თანამშრომლებმა სცემეს - დაიწყო გამოძიება

ქუთაისში, არასრულწლოვნებს სავარაუდოდ პატრულის თანამშრომლებმა სცემეს - დაიწყო გამოძიება

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ქუთაისში, არასრულწლოვნების მიმართ პატრულის თანამშრომლების მხრიდან შესაძლო ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

"სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2023 წლის 19 დეკემბერს, ქალაქ ქუთაისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო", - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ქუთაისში არასრულწლოვნების სავარაუდოდ პატრულის თანამშრომლების მხრიდან ცემის ფაქტზე ინფორმაცია დღეს გავრცელდა, შემთხვევა კი გუშინ, საღამოს საათებში მოხდა.

მშობლების ინფორმაციით, ახალგაზრდები ბანქოს თამაშობდნენ, რა დროსაც სამართალდამცველებთან სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ, რაც ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა.

15 და 16 წლის მოზარდების მამა, რომელიც კონფლიქტის ადგილზე მივიდა, დააკავეს და მას პოლიციის მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავებიან. დაკავებული იყო ერთ-ერთი არასრულწლოვანიც, რომელიც ამ დროისთვის გათავისუფლებულია. მას პატრულის მანქანის დაზიანებას ედავებიან.