საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის თქმით, რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა ვერ გახდება.
ამის შესახებ მან ფორმულასთან საუბრისას განაცხადა. ქურდოვანიძის თქმით, აღნიშნულ კანონპროექტს ევროკავშირის სამართალთან ძალიან დიდი შეუსაბამობა აქვს. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ მსგავსი კანონები მხოლოდ ისეთ ქვეყნებში არსებობს, რომლებიც არადემოკრატიულია, მაგალითად, რუსეთში.
"ამ კანონმდებლობის მიღების შემთხვევაში, საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება არამხოლოდ ჩვენი ორგანიზაცია, საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება თითოეული მოქალაქე, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს. იმიტომ, რომ ამ კანონის შედეგებია ის, რაც წინასწარ შეგვიძლია განვსაზღვროთ და ვივარაუდოთ, რა მოხდება. ეს შედეგები აუცილებლად დადგება ამ კანონის მიღების შემთხვევაში. პირველ რიგში, ეს გამოიწვევს იმას, რომ საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ევროკავშირის სამართალთან ამ კანონპროექტს აქვს ძალიან დიდი შეუსაბამობა. ასეთი შეუსაბამობის პირობებში, ჩვენ ვერ გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ასეთი კანონები არსებობს მხოლოდ ისეთ ქვეყნებში, რომლებიც არადემოკრატიულია, მაგალითად, რუსეთში. როდესაც ვამბობთ, რომ ეს არის რუსული კანონი, გამოვდივართ სწორედ ამ მიზნებიდან, რასაც ემსახურება ეს კანონი", - აღნიშნა მან.
ქურდოვანიძის განცხადებით, რუსული კანონის მიღების ძირითადი მიზანია, დემოკრატიული ინსტიტუტები და დამოუკიდებელი მედიები საბოლოოდ დაიხუროს და ამით მოსახლეობა დაზარალდეს.
"ეს კანონი არ ემსახურება გამჭვირვალობას, გამჭვირვალობის პრობლემა არასამთავრობო სექტორშ არ დგას. სახელმწიფოს ახლაც აქვს შესაძლებლობა და ბერკეტები, რომ ეს თანხები და ხელშეკრულებები, ყველაფერი, რომელიც საგრანტო ურთიერთობებთან არის კავშირში, ისედაც იყოს მისთვის ცნობილი. რაც რეალურად არის მიზანი ამ კანონის, ეს არის ის, რომ საბოლოოდ, საქართველოში ეს დემოკრატიული ინსტიტუტები, რომლებიც ჯერ კიდევ შემორჩა, დემოკრატიული ხმები, რომელიც ჯერ კიდევ ისმის, დამოუკიდებელი მედიები, საბოლოოდ დაიხუროს, გაუქმდეს და ამით დაზარალდეს მოსახლეობა, ამით საქართველო დაშორდეს ევროკავშირს. ეს არის ძირითადი მიზანი", - ამბობს ქურდოვანიძე.
დაპირების მიუხედავად, ერთი წლის თავზე ქართული ოცნება ე.წ. უცხო აგენტების შესახებ რუსულ კანონს განსახილველად აბრუნებს და მის მიღებას მეორედ ეცდება. 3 აპრილს ინიციირებული კანონპროექტი იდენტურია შარშანდელი კანონპროექტისა, რომლის განხილვებსაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ფორმალური განსხვავებაა მხოლოდ ტერმინში - ახალ ვერსიაში "უცხოური გავლენის აგენტი" შეცვლილია "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით".
მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ამ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო რუსეთთან, მან დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკა უკვე დაიმსახურა.