აფრიკის დასახლებაში, სადაც თბილისის მერიამ "უკანონოდ აშენებული შენობები" დაანგრია, მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.
დასახლებაში მცხოვრებლები ამბობენ, რომ მუნიციპალურმა ინსპექციამ შენობები ღამით დაანგრია და სახლებიდან ვერაფრის გამოტანა ვერ მოასწრეს.
"პატარა ოთახი ჩემი პატარა გოგოსთვის გავაკეთე, იცხოვროს-მეთქი, ქუჩაში მყავს. ფაქტობრივად, წასასვლელი, დასაძინებელი არ მაქვს, ქუჩაში ვარ, სიცივეში. ჩემი გოგო რვა წლის გახდა დღეს, დაბადების დღე აქვს და ასეთი დილა გაუთენდა. ყველაფერი შიგნით მქონდა - ლოგინი, ავეჯი, დამილეწეს ყველაფერი წუხელ. სანამ მე მაღაზიიდან მოვედი, დალეწილი დამხვდა ყველაფერი. ვერაფერი მოვასწარი, წამში დაანგრიეს. ხალხი გადაუდგა, ვერავინ შეაჩერა. არ მაქვს საცხოვრებელი, მოვითხოვ, სადმე ერთ ოთახში შემიშვან, ამაღამ სად დავიძინო, არ ვიცი"- ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.
"მთელი ღამე ქვაზე ცეცხლთან გაათენა ბავშვმა. ფეხებიდან სისხლები გასდიოდა, ქალმა ააშენა მარტომ ეს ქოხი. არავინ იფიქროს, კალაძემ ან მერიის თანამშრომლებმა, რომ ეს სახლები ჩვენ ფულის შოვნის ინტერესით ავაშენეთ. ნუ გაგვიფორმებენ, მაგრამ ნურც გაგვაგდებენ. ეს სანაგვე რად უნდა მთავრობას? ჩიტი არ დაფრინავს აქ და ხე არ ხარობს"- აცხადებს მოქალაქე.
თბილისის მერიამ სამგორის რაიონში "სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწებზე უკანონოდ აშენებული 20-ზე მეტი დაუსრულებელი შენობა" დაანგრია.
მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ "ბოლო პერიოდში სისტემური ხასიათი მიიღო სახელმწიფო მიწების უკანონოდ დაკავების შემთხვევებმა და მასზე უნებართვოდ სხვადასხვა ფუნქციის შენობების აშენებამ, რომელიც ხორციელდება ორგანიზებული ჯგუფების მიერ, კანონის სრული დარღვევით, ფინანსური სარგებლის მისაღებად".