სამოქალაქო ორგანიზაციები ტალღა და ჯიუტი 4 აპრილს, 20:00 საათზე პარლამენტთან საორგანიზაციო შეხვედრას აანონსებენ, სადაც რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტის გეგმაზე იმსჯელებენ.
"3 აპრილს საქართველოს პარლამენტში ქართულმა ოცნებამ კვლავ დაარეგისტრირა რუსული კანონპროექტი უცხოური გავლენის აგენტების შესახებ ოდნავ სახეცვლილი სახელწოდებით - "კანონი უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების შესახებ". 4 აპრილს, საღამოს 8 საათზე სამოქალაქო მოძრაობები, ტალღა და ჯიუტი პარლამენტის წინ გელოდებით ყველას, საორგანიზაციო შეხვედრაზე, სადაც ერთობლივად დავსახავთ კანონის საწინააღმდეგო პროტესტის გეგმებს.
ის კანონი, რომელიც ქართულ ოცნებას ერთი წლის წინ ხელიდან გამოვგლიჯეთ, კვლავ გაააქტიურეს. ამიტომ, თავიდან მოგვიწევს გაერთიანება იმისათვის, რომ ვერ მოახერხონ მისი ამოქმედება. გელოდებით 4-ში. პარლამენტის წინ. ერთად მოვიფიქროთ სამოქმედო გეგმა რუსული კანონის წინააღმდეგ", - ნათქვამია აქციის აღწერაში.
***
ქართულმა ოცნებამ რუსული კანონი პროექტი პარლამენტში დაარეგისტრირა. ინფორმაცია, რომ რუსული კანონის ხელახლა ინიცირებას აპირებდნენ, მმართველმა გუნდმა დღეს გააჟღერა.
რუსული კანონპროექტი ქართულმა ოცნებამ თავდაპირველად 2023 წლის თებერვალში დაააინიცირა, რასაც მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტი მოჰყვა.
პროტესტის შედეგად ქართულმა ოცნებამ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რუსული კანონპროექტის გაწვევის შესახებ 9 მარტს განაცხადა, 10 მარტს კი პლენარულ სხდომაზე ჩააგდო.
კანონპროექტის საწინააღმდეგო პროტესტი 7-8 მარტს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. აქციები იყო ქუთაისში, ბათუმში და სხვა ქალაქებშიც.
თბილისში პოლიციელებმა მშვიდობიანი აქცია წყლის ჭავლით, წიწაკის სპრეითა და ცრემლმდენი გაზით დაარბიეს.
რამდენიმესაათიანი მცდელობების მიუხედავად ხალხი არ იშლებოდა, რის შემდეგაც პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება ძალისმიერი მეთოდებით დაიწყო.
პოლიციელები მუშაობაში ხელს უშლიდნენ მედიის წარმომადგენლებს და ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებიც დაფიქსირდა. 9 მარტს შსს-მ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი, 133 ადამიანი გაათავისუფლა.
რუსული კანონი "ჯაშუშების" გამოსავლენად - რას უქადის პროექტი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას.
კანონპროექტის გაწვევის შემდეგ მმართველ პარტიაში ირწმუნებოდნენ, რომ რუსულ კანონს აღარ დააინიცირებდნენ.