ხორვატია უკრაინისთვის 14 Mi-8 საბრძოლო ვერტმფრენის გადაცემას გეგმავს. ამის შესახებ ხორვატიის თავდაცვის მინისტრმა, მარიო ბანოშიჩმა უკრაინელ კოლეგა ოლექსი რეზნიკოვთან შეხვედრის დროს განაცხადა.
"ხორვატიის მთავრობა უკრაინას ფინანსურ, ტექნიკურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას უწევს. ასეთი პოლიტიკური მხარდაჭერის ერთ-ერთი პუნქტი არის გადაწყვეტილება, რომელიც ახლა განხილვის პროცესშია. და ასეთი გადაწყვეტილების ერთ-ერთი პუნქტია Mi-8 ვერტმფრენები. და იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში მათ გადაცემას მალე შევძლებთ", - თქვა ხორვატიის თავდაცვის მინისტრმა.
ბანოშიჩი ამბობს, რომ ხორვატია მხარს დაუჭერს უკრაინას მანამ, სანამ ამის საჭიროება იქნება. მისი თქმით, საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები დაცული უნდა იყოს. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში მიუღებელია.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის თქმით, უკრაინა ხორვატიისგან პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო მხარდაჭერას იღებს. რეზნიკოვი აღნიშნავს, რომ უკრაინამ ხორვატიისგან პირველი დახმარება 2022 წლის 28 თებერვალს მიიღო.