ლელო საქართველოსთვის თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება. ხაზარაძის თქმით, მის წინააღმდეგ ბრალდება ვერ დადასტურდა.
"ბრალდება ვერ დადასტურდა - ფულის გათეთრება არ ყოფილა!! რუსების დაკვეთითა და ბიძინას პროკურატურის მიერ შეთითხნილი ფულის გათეთრების საქმე დასრულდა. რას მიაღწიეს? - გააჩერეს ამერიკელი და ევროპელი ინვესტორები და საერთაშორისო ბანკები, ქვეყანას წაართვეს ინვესტიცია, ჩაშალეს საუკუნის პროექტის, ანაკლიის მშენებლობა, ქვეყნის განვითარება ათეული წლით უკან დახიეს და რუსების დავალება პირნათლად შეასრულეს.
რატომ არის საქართველო ასეთ მდგომარეობაში? - იმიტომ რომ კრემლის მოკავშირე, გაყიდული მთავრობა გვყავს, რომელსაც ეროვნული ინტერესი არაფრად მიაჩნია. დაგვაზიანეს? - ვერ დაგვაზიანეს, უფრო გავმაგრდით, უფრო ნათლად დავინახეთ, ვისთან გვაქვს საქმე. ქვეყნის გამარჯვება ამათი მმართველობიდან გაშვებაზე გადის! ბრძოლა გრძელდება! სამართალი ურმით, მაგრამ მაინც დადის. მთავარია, არ გაჩერდე, არც გავჩერდებით!", - წერს ხაზარაძე Facebook-ზე.
ადვოკატის, ზვიად კორძაძის განცხადებით, სასამართლოში ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე საკასაციო საჩივრების განხილვა დასრულდა. მისი თქმით, დასაშვებად არ იქნა მიჩნეული არც დაცვისა და არც ბრალდების მხარის საჩივარი. კორძაძის ცნობით, დარჩენილია ხანდაზმულობით გამართლებული თაღლითობის მუხლი, რომელსაც სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრებენ.
2022 წლის 12 იანვარს 3-წლიანი სასამართლო პროცესის შემდეგ სასამართლომ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს ფულის გათეთრების მუხლი ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობის თაღლითობის მუხლით გადაუკვალიფიცირა, დამნაშავედ სცნო და სამივეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა, დანაშაულის ხანდაზმულობის გამო ისინი არ დააპატიმრეს.
ამასთან, მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს გაუუქმდათ შეფარდებული გირაო, ქონებაზე დადებული ყადაღა და საზღვრის კვეთის აკრძალვა.
ბრალდებულები მოსამართლე გიორგი არევაძემ დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" და მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით სცნო.
TBC ბანკის დამფუძნებლების და ყოფილი ხელმძღვანელების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიება 2008 წელს გაკეთებული ტრანზაქციის საქმეზე პროკურატურამ 2018 წლის აგვისტოში დაიწყო, მომდევნო წლის ივლისში კი ბრალი წარუდგინა მათ. მათ ბრალი 17 მილიონ დოლარამდე უკანონო შემოსავლის ლეგალიზებაში (ფულის გათეთრებას) ედებოდათ.
ავთანდილ წერეთელს კი პროკურატურა ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებაში ადანაშაულებდა.