ძლიერი საქართველოს ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ პოლიტსაბჭომ კენჭისყრის შედეგად საპარლამენტო სიების ჩახსნისა და მანდატების ოფიციალურად დატოვების შესახებ გადაწყვეტილება დაამტკიცა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
"ძლიერი საქართველოს პოლიტსაბჭომ დღეს ოფიციალურად კენჭი უყარა და დაამტკიცა გადაწყვეტილება საპარლამენტო სიების ჩახსნისა და მანდატების ოფიციალურად დატოვებასთან დაკავშირებით. პარტიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მხარი პოლიტსაბჭოს სრულმა უმრავლესობამ დაუჭირა.
გადამწყვეტად მნიშვნელოვანია, რომ არცერთმა პოლიტიკურმა სუბიექტმა, რომელმაც მიიღო წარმომადგენლობითი მანდატი, ლეგიტიმაცია არ მიანიჭოს ქართული ოცნების პარლამენტს და უარი თქვას მისთვის მინიჭებული მანდატების გამოყენებაზე. ამის თაობაზე განაცხადი ყველა ოპოზიციურ სუბიექტს გაკეთებული აქვს.
"საარჩევნო კოდექსის" 120-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პარტიულ სიაში დარჩენილი პარლამენტის წევრობის კანდიდატების წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება დასაშვებია ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ. საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის შესაბამისად, “პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ იგი:
პარლამენტს მიმართავს პირადი განცხადებით უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ."
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მიმართვა დასაშვებია პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარების შემდეგ, რომელზეც ხდება ახლადარჩეული პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ცნობა.
შესაბამისად, ჩვენ ვთავაზობთ ყველა ძალას, ვისაც მიღებული აქვს მანდატები კანონით განსაზღვრული წესით, ერთობლივად, ერთ დღეს, ერთ დროს განვახორციელოთ ეს პროცედურული ქმედება და ერთად მივმართოთ სიების ჩახსნისა და მანდატების დატოვების მოთხოვნით შესაბამის უწყებებს, ამით წერტილს დავუსვამთ ინტერპრეტაციებს და არ მივცემთ არავის ამ თემაზე სპეკულაციების საშუალებას.
მეტი საჯაროობისთვის, მზად ვართ, ეს პოლიტიკური აქტი განვახორციელოთ პრეზიდენტთან შეთანხმებით და მისი ჩართულობით", - წერს მამუკა ხაზარაძე.
**
12 ნოემბერს, კოალიცია ცვლილებისთვისა და ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა ხელმოწერით საპარლამენტო მანდატებზე უარი განაცხადეს.
"განცხადებაში, რომელსაც ჩვენ წარმოგიდენთ და 82 წევრი სიისა, ყველა ვინც ვართ ამ სიაში, უარს ვაცხადებთ ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობაზე რეჟიმთან, რომელიც იპარავს არჩევნებს და გამოხატავს რუსეთის ფედერაციის ინტერესებს ჩვენს სამშობლოში, ამ სამყაროში ჩვენი ერთადერთი მტრის", -თქვა ნიკა გვარამიამ.
"ინდივიდუალური წერილით მივმართეთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რათა არცერთი კანდიდატი ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის სახელით, არ გატარდეს რეგისტრაციაში და ჩვენი უფლებამოსილების საკითხი ცესკო-მ არ გადასცეს საქართველოს პარლამენტს განსახილველადაც კი", - თქვა თინა ბოკუჩავამ.
ასევე, 12 ნოემბერს პარტია გახარია საქართველოსთვის ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობაბდე "სიების ჩახსნა" არ არსებობს.
"არ არსებობს არც „სიების ჩახსნა“ პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობამდე (საარჩევნო კოდექსის მუხლი 120) და არც ცესკოს მიერ რეგისტრაციაზე უარის თქმა (საარჩევნო კოდექსის მუხლი 131). როცა იურიდიულ ნონსენსზე მიდიხარ, რბილად რომ ვთქვა, იწვევ ამომრჩევლის დამატებით იმედგაცრუებას. კი, ამ პარლამენტს ლეგიტიმაცია არ უნდა ჰქონდეს. არასოდეს მოგვიტყუებიხართ. ვერც ახლა მოგატყუებთ", - განაცხადა მეზვრიშვილმა.