ლელოს ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, პარტია საქართველოსთვის ლიდერთან, გიორგი გახარიასთან გაერთიანებაზე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს და ეს ინფორმაცია ტყუილია. ამის შესახებ ხაზარაძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
მისი თქმით, არსებობს 4 კითხვა, რასაც პასუხის უნდა გასცენ და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება ლელო მზად ნებისმიერ სუბიექტთან კონსულტაცია გამართოს, მათ შორის, ერთ-ერთი ქართული ოცნებისთვის კოალიციის შექმნას უკავშირდება.
"ხშირად მესმის, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჩვენსა და გახარიას შორის. არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, არანაირი კონსულტაცია არ მიმდინარეობს, ეს არის ტყუილი. მეორე, მამუკა ხაზარაძეს არანაირი პიროვნული ამბავი არ გააჩნია რომელიმე ადამიანთან საერთოდ ცხოვრებაში, იმიტომ, რომ მე ვარ ქრისტიანი, მე ვარ ადამიანი, რომელსაც შემიძლია ვაპატიო ადამიანებს. აქ ჩვენ არ ვსაუბრობთ პიროვნულ ამბებზე, ჩვენ აქ ვლაპარაკობთ სახელმწიფო საკითხებზე. ეს არის დაახლოებით 4 მნიშვნელოვანი კითხვა, რომელსაც ბატონმა გახარიამ უნდა უპასუხოს, ამის მერე, მე მზად ვარ, დაველაპარაკო ნებისმიერს, მათ შორის ბატონ გახარიას და არა ისე, კულუარულად რომ მიდის საუბარი, თითქოს რაღაცა კონსულტაციები მიდის.
4 კითხვა მგონი, ყველამ ძალიან კარგად იცით, აქ ჩამოთვლას არ დავიწყებ, არ მინდა ამ დეტალებში შესვლა. ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური კითხვაა, გაუკეთებს თუ არა იგი ქართულ ოცნებას კოალიციას, ჩვენ ამაზე პასუხი არ გვაქვს, შესაბამისად, პირველი კითხვის პასუხი ეს არის, დანარჩენ სამ კითხვაზე, როცა იქნება დრო, მე გიპასუხებთ", - განაცხადა ხაზარაძემ.
გარდა ამისა, ლელოს ლიდერი ამბობს, რომ მოლაპარაკებებს სხვებთანაც აწარმოებენ.
"გაერთიანება არის ის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც 26 ოქტომბერს დადებს ძალიან მნიშვნელოვან გამარჯვებას, ამიტომ ეს პროცესი გაგრძელდება, ვაგრძელებთ ამ პროცესს. გვაქვს სხვადასხვა მოლაპარაკება, რათა უფრო დიდი ფრონტით, უფრო დიდი შემართებით და დიდი გუნდით გამოვიდეთ წინასაარჩევნოდ და ამას ჩვენი მოქალაქეები ნახავენ ძალიან მალე", - აღნიშნავს ხაზარაძე.
ლელო, ანა დოლიძის პარტია ხალხისთვის და პოლიტიკური მოძრაობა თავისუფლების მოედანი საარჩევნოდ გაერთიანდნენ.