რესპუბლიკური პარტიის ლიდერი ხათუნა სამნიძე პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან გამოიყვანეს. თავდაპირველად მას პარლამენტის თავმჯდომარემ მიკროფონის გარეშე საუბრის გამო შენიშვნა მისცა, შემდეგ კი მანდატურებს მოუწოდა, დეპუტატი დარბაზიდან გაეყვანათ.
ხათუნა სამნიძეს კითხვის დასმა დასანქცირებულ ფარცხალაძესა და ეროვნული ბანკის გარშემო ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებზე სურდა, რისი საშუალებაც მას პაპუაშვილმა არ მისცა.
"ნებისმიერი საკითხი, რომელიც პარლამენტში განიხილება, თუნდაც მესამე მოსმენითა და რედაქციული ხასიათის განხილვის დროს, საქართველოს მომავალს ეხება. ამ ქვეყნის მომავალს კი პირდაპირ უკავშირდება ის, რაც გუშინ ჩაიდინეთ", - თქვა სამნიძემ სხდომაზე.
ამის შემდეგ პაპუაშვილმა მას "წესრიგის დაცვისკენ" მოუწოდა და დარბაზის დატოვებით დაემუქრა.
"დაბრძანდით თქვენს ადგილზე, შეწყვიტეთ მიკროფონის გარეშე საუბარი, თორემ დაგატოვებინებთ დარბაზს".
მას შემდეგ, რაც მანდატურებმა ის დარბაზიდან გამოიყვანეს, სამნიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციის კრიტიკულ კითხვებზე პასუხის გაცემის ნაცვლად, ქართული ოცნება მომავალში გამოვლენილ ჯაშუშებს იცავს.
"ორი დღეა, ქართული ოცნება ყველას ოპოზიციაში გვეძახის აგენტს. განსაკუთრებით გააქტიურდა ამ მიმართულებით ბატონი კობახიძე და ბატონი მდინარაძე პირადად ჩემთვის ორი დღეა იმის ძახილით, რომ ვარ აგენტი. იმის ნაცვლად, რომ უპასუხონ ოპოზიციის მხრიდან დასმულ შეკითხვებზე, რომელიც ეხება კონკრეტულად ბრძანებას, რითაც ქართული ოცნება იცავს მომავალში გამოვლენილ ჯაშუშებს, რომლებიც იქნებიან მათი რიგებიდან, ეს იციან", - თქვა მან.