ხაბარელი: პაპუაშვილის სტატუსში ძალადობის წახალისება არ იყო, ძალიან დაბალანსებული იყო

ხაბარელი: პაპუაშვილის სტატუსში ძალადობის წახალისება არ იყო, ძალიან დაბალანსებული იყო

ქართული ოცნების დეპუტატი, შოთა ხაბარელი ამბობს, რომ შალვა პაპუაშვილის პოსტი "დაბალანსებული" იყო და მასში ძალადობის წახალისების ნიშნები არ შეიმჩნეოდა. საუბარია პაპუაშვილის ფეისბუქზე პოსტზე, რომლის გამოქვეყნებიდან ერთ საათში აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილს სცემეს.

"არაფერი ისეთი შალვა პაპუაშვილს არ გაუკეთებია, რასაც ჩვენ ისედაც ვამბობდით. როდესაც ოპონენტებს აწუხებენ და თავს ესხმიან, მიუხედავად იმისა, რომ ძალადობას ვემიჯნები, ერთი რამ უნდა გვახსოვდეს, რომ აგრესიას მოჰყვება აგრესია. ყველა იგებს ისე, როგორც უნდა. პაპუაშვილის სტატუსში არანაირი წახალისება [ძალადობის] არ იყო, ძალიან დაბალანსებული კომენტარი იყო". - ამბობს ხაბარელი.

***

აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილს სახლთან ჩაუსაფრნენ და თავს დაესხნენ. აქტივის სალომე ბარკერის ცნობით, მას ფიზიკურად სამი ადამიანი გაუსწორდა.

"შალვა პაპუასის პოსტიდან ერთ საათში რომ ზუკას ჩვენს სახლთან დახვდნენ "აღშფოთებული მოქალაქეები" და ფიზიკურად გაუსწორდნენ, ეს ალბათ უბრალოდ დამთხვევაა.

სამნი იყვნენ, მანქანით ელოდებოდნენ, ზურგიდან მიეპარნენ და მერე გაიქცნენ", - წერს ბარკერი.

თავდასხმამდე ერთი საათით ადრე პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი Facebook-პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ზუკა ბერძენიშვილი და სალომე ბარკერი ჰყავდა მოხსენიებული.