ქარტია საგამოძიებო სამსახურს მოუწოდებს, საგარეჯოში მედიაზე თავდასხმა დროულად გამოიძიონ

ქარტია საგამოძიებო სამსახურს მოუწოდებს, საგარეჯოში მედიაზე თავდასხმა დროულად გამოიძიონ

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდებს, საგარეჯოში ფორმულასა და მთავარი არხის გადამღებ ჯგუფებზე თავდასხმა დროულად გამოიძიონ.

ქარტიის თქმით, საქართველოში ჟურნალისტებისთვის სამუშაო გარემო უკიდურესად საშიში გახდა, განსაკუთრებით 2021 წლის 5 ივლისის შემდეგ.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ხელისუფლებას მოუწოდებს, არ წაახალისოს მოძალადეები და გაატაროს ყველა პრევენციული ღონისძიება, რათა მედია მშვიდი და უსაფრთხო სამუშაო გარემოთი უზრუნველყოს და ჟურნალისტები ყოველგვარი თავდასხმისა და საქმიანობაში უკანონო ხელშეშლისგან დაიცვას.

"სამწუხაროდ, საქართველოში ჟურნალისტებისთვის სამუშაო გარემო უკიდურესად საშიში გახდა - მათ ხშირად არ ეძლევათ შესაძლებლობა თავისუფლად შეასრულონ პროფესიული მოვალეობა, ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმები მედიის წარმომადგენლების საქმიანობის თანმდევი ნაწილი გახდა. ჟურნალისტების მიმართ აგრესიული ქმედებები განსაკუთრებით გახშირდა 2021 წლის 5 ივლისის შემდეგ, როდესაც ღირსების მარშის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ძალადობრივი ჯგუფის წევრები მედიის წარმომადგენლებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებს დაესხნენ თავს, მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაუზიანეს ტექნიკა. თუმცა, ძალადობის ორგანიზატორები კვლავ დაუსჯელები არიან." - წერია ქარტიის განცხადებაში.

საგარეჯოში, როდესაც ნაციონალური მოძრაობა ამომრჩეველს ხვდებოდა, ადგილზე ქართული ოცნების მიერ ორგანიზებული ჯგუფი გამოჩნდა. მათ შეკრებილებს, მათ შორის მედიის წარმომადგენლებს, ქვები დაუშინეს, დაუპირისპირდნენ ფიზიკურად და აგინეს.

ფორმულამ შეძლო თავდასხმაში მონაწილეების ნაწილის იდენტიფიცირება - ესენი არიან საგარეჯოს საკრებულოს წევრები, თანამდებობის პირები და მერიის თანამშრომლები.

თავდამსხმელებს შორის არიან: ვანო ბეჟიაშვილი - საკრებულოში ქართული ოცნების თავმჯდომარე, ასევე გიორგი მამისეიშვილი - საკრებულოს წევრი, ლევან იოსელიანი - საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ვეფხვია უსტიაშვილი - საკრებულოს წევრი, გიორგი ქურდოვანიძე - მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსი.

30 ივნისს ქართული ოცნების მხარდამჭერები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ენმ-ს კასპშიც.