საგარეჯოში თავდასხმაში საკრებულოს წევრები და მერიის თანამშრომლები მონაწილეობდნენ

საგარეჯოში თავდასხმაში საკრებულოს წევრები და მერიის თანამშრომლები მონაწილეობდნენ

საგარეჯოში, როდესაც ნაციონალური მოძრაობა ამომრჩეველს ხვდებოდა, ადგილზე ქართული ოცნების მიერ ორგანიზებული ჯგუფი გამოჩნდა. მათ შეკრებილებს, მათ შორის მედიის წარმომადგენლებს, ქვები დაუშინეს, დაუპირისპირდნენ ფიზიკურად და აგინეს.

ფორმულამ შეძლო თავდასხმაში მონაწილეების ნაწილის იდენტიფიცირება - ესენი არიან საგარეჯოს საკრებულოს წევრები, თანამდებობის პირები და მერიის თანამშრომლები.

თავდამსხმელებს შორის არიან: ვანო ბეჟიაშვილი - საკრებულოში ქართული ოცნების თავმჯდომარე, ასევე გიორგი მამისეიშვილი - საკრებულოს წევრი, ლევან იოსელიანი - საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ვეფხვია უსტიაშვილი - საკრებულოს წევრი, გიორგი ქურდოვანიძე - მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსი.

პოლიცია ადგილზე დაგვიანებით გამოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ სამხარეო პოლიციის უფროსი საპირისპიროს ამტკიცებს.

"სამი წუთიც არ იყო გასული. გამოვცხადდით მყისიერად. მოვედით და ძალიან მალე განიმუხტა სიტუაცია. ახლა ვერკვევით, ვნახულობთ ერთ მხარესაც,მეორე მხარესაც, ვის რა დაზიანება აქვს, თქვენს კოლეგებსაც ვესაუბრებით", - თქვა სამხარეოს უფროსმა.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.