საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძის თქმით, სამაშველო სამსახურების მიერ შოვში, სტიქიის ზონაში დამონტაჟებული ერთ-ერთი დროებითი ხიდი მდინარემ წაიღო.
ქარსელაძის თქმით, წაღებული ხიდი მდინარიდან ამოიღეს თუმცა მისი ხელახლა გამოყენება შეუძლებელი იყო და ამიტომ ახალ დროებით ხიდს ამონტაჟებენ.
"ჩვენ ახლა ვდგავართ იმ ადგილას, სადაც მეორე დროებითი ხიდი, რომელიც დამონტაჟებული იყო მდინარემ წაიღო და შესაბამისად ახლა ვამონტაჟებთ ახალ ხიდს. მანამდე გვქონდა მცდელობა, ამოვიღეთ ის წაღებული ხიდი, შევამოწმეთ, მაგრამ არ ექვემდებარება ხელმეორედ გამოყენებას, შესაბამისად ახალი ხიდი იქნა გადმოტანილი გუშინ და დღეს, ახლა ვადევნებთ თვალს მონტაჟს და ამ შემთხვევაში ეს ამოცანაც შესრულებული იქნება" - განაცხადა ქარსელაძემ.
მისი თქმით, სტიქიის ზონაში მომუშავე ტექნიკის რაოდენობა ყოველდღიურად იმატებს და შედეგად უფრო დიდ არეალზე ხორციელდება სამუშაოები.
ქარსელაძე აცხადებს, რომ, ამ დროისთვის, სამაშველო-სამძებრო სამუშაოებში ყველაზე დიდ გამოწვევას ქმნის სამუშაო პირობები, "რომელიც უკავშირდება უშუალოდ იმ მასას, მის შემადგენლობას, რომელიც ძალიან რთულად ექვემდებარება დამუშავებას".
3 აგვისტოს, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი, ჩართულია მძიმე ტექნიკა და თავდაცვის ძალების 220 სამხედრო მოსამსახურე.
ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის, სტიქიის ზონაში 21 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი.