საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის თქმით, სტიქიის ზონაში მყოფ დამატებით 6 ადამიანთან დაამყარეს კავშირი და ისინი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.
მანამდე საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსმა განაცხადა, რომ სტიქიის ზონაში 50-მდე ადამიანს ეძებდნენ.
ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, სტიქიის ადგილას ამ დროისთვის 150-მდე მაშველი რჩება.
"არიან ადამიანები, რომლებსაც ვერ ვუკავშირდებით, დაახლოებით 50-მდე ადამიანი იყო, თუმცა უახლესი ინფორმაცია არის ის, რომ 6 ადამიანი რომელსაც ვერ ვუკავშირდებოდით უკვე კავშირზეა და უსაფრთხოდ არიან. ეს პროცესი გრძელდება იმიტომ რომ, მიუხედავად ღამის საათებისა 150 მაშველი იმყოფება უშუალოდ სტიქიის არეალში" - განაცხადა ქარსელაძემ.
მისი თქმით, ადგილზე მყოფი მაშველების ნაწილი უსაფრთხო ადგილას გადაყვანილ მოსახლეობასთან რჩება, ხოლო ნაწილი დაკარგული მოქალაქეების სამძებრო სამუშაოებშია ჩართული.
ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, ხვალ დილიდან სამაშველო სამუშაოებში დამატებით ვერტმფრენებიც ჩაერთვებიან და სტიქიის ზონაში მყოფ 150-მდე ადამიანს ონში გადმოიყვანენ.
ქარსელაძის ცნობით, ასევე ხვალაა დაგეგმილი 2 დაღუპული ადამიანის ცხედრების გადმოსვენებაც, რის შემდეგაც მოხდება მათი იდენტიფიცირება.
ინფრასტრუქტურის მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ მეწყერმა შოვში 2 ხიდი წაიღო, მიწის მასით დაიფარა გზის ნაწილი და დაზიანებულია ინფრასტრუქტურაც.
დღეს კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა.
ადგილიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზოგიერთი მოქალაქე ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ჯერ კიდევ ეძებს და მათთან კონტაქტზე ვერ გადის.
ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, გზების გაწმენდის სამუშაოები ამ დროისთვის დასრულებულია და ხვალ დილიდან გაგრძელდება.
სტიქიის ზონაში დაკარგულ ადამიანებს მაშველები კვლავ ეძებენ.
შსს-ის ცნობით, შოვში სამაშველო ღონისძიების შედეგად, სტიქიის ზონიდან 70-მდე მოქალაქე გამოიყვანეს და უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანეს.
კურორტ შოვში მეწყერს 2 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაცია ფორმულას შსს-მ დაუდასტურა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თემურ მღებრიშვილის თქმით, ამ დროისთვის შოვში, სტიქიის ზონაში მყოფ 50 ადამიანთან ვერ ხერხდება დაკავშირება.
მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის სტიქიის ზონაში უსაფრთხო ლოკაციებზე 150-მდე ადამიანი მაშველებთან ერთად იმყოფება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი არ გამორიცხავს, რომ მათ შორის არიან ის ადამიანებიც, ვისაც ოჯახის წევრები ამ დრომდე ეძებენ.