
საფრანგეთის ქალაქი ნანტი თბილისთან დაძმობილების ურთიერთობას წყვეტს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია actuNantes ავრცელებს და წერს, რომ დაახლოებით 46 წლიანი თანამშრომლობა "დროებით" დასრულდა.
ნანტმა მიიღო გადაწყვეტილება, "გაყინოს" დაძმობილების ურთიერთობები, თუმცა აცხადებს, რომ გააგრძელებს ქართული მხარეების მხარდაჭერას ნანტის ასოციაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების მეშვეობით".
ნანტის მერია მიზეზად საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას ასახელებს და აცხადებს, რომ ამით, ასევე ქვეყანაში მრავალრიცხოვანი დემონსტრაციების შემდეგ ოპონენტების რეპრესირებით "შეშფოთებულია".
ამასთან, ნანტის მერია აცხადებს, რომ "შეიტყო, თბილისის მერიის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტიდან რამდენიმე თანამშრომლის, პოლიტიკური შეხედულების გამო, გათავისუფლების შესახებ, რომლებთანაც ის მრავალი წლის განმავლობაში თანამშრომლობდა".
ნანტი საფრანგეთის სიდიდით მეექვსე ქალაქია. თბილისსა და ნანტს შორის დაძმობილების ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 1979 წლის მარტში ნანტში და სექტემბერში - თბილისში. ერთი წლით ადრე, 1978 წლის 17 სექტემბერს კი თბილისს, ნანტსა და ზაარბრიუკენს შორის გაფორმდა სამმხრივი დაძმობილების ხელშეკრულება.
სამმხრივი დაძმობილება ნანტს, თბილიისა და ზარბრუკენს შორის ხელს უწყობდა ისეთ პროექტებს, როგორებიცაა: ფრანგული ენის სწავლება თბილისში, ქართველი მასწავლებლების მიღება საფრანგეთში, ქართული ცეკვისა და მუსიკის კონცერტები, კერძოდ, ქართული კულტურის წარმოჩენა.
მერიის თანახმად, ურთიერთობები შეჩერებული იქნება იქამდე, სანამ თანამშრომლობისთვის შესაბამისი პირობები არ შეიქმნება.