კუპრაძე: ლელოს ლიდერები არალეგიტიმურ პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით არ მიმართავენ

კუპრაძე: ლელოს ლიდერები არალეგიტიმურ პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით არ მიმართავენ

"ლელოს" გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე ივანიშვილის პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელშიც ის ამბობს, რომ თუ დაპატიმრებული ოპოზიციონერი ლიდერები მას შეწყალების თხოვნით მიმართავენ და ამავე განცხადებაში დაადასტურებენ სურვილს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის შესახებ, ის მათ შეიწყალებს.

კუპრაძის თქმით, მან პარტიის ლიდერებთან, საპატიმრო დაწესებულების რეგულაციების გამო, გასაუბრება ვერ მოახერხა, თუმცა დარწმუნებით ამბობს, რომ მამუკა ხაძარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მხრიდან ყაველაშვილის მიმართ შეწყალების მოთხოვნა არ გაიგზავნება.

"მე, როგორც ლელოს გენერალური მდივანი და მათი მეგობარი, ვიცი, თუ რა ღირებულებებით ცხოვრობენ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. რა პრინციპებითა და ღირსებით იცავენ ქართველი ხალხის ინტერესს და სჯერათ ბრძოლის და გამარჯვების. მათთან შეუთანხმებლად, თუმცა რწმენით, რომ ეს არის 100%-ით მათი პოზიცია, ვაცხადებ: არანაირი შეწყალების მიმართვა არალეგიტიმური პრეზიდენტისთვის არ იქნება. ჩვენ მას მივუთითებთ გზას რუსული ხომალდის მიმართულებით", - თქვა მან.

კუპრაძის თქმით, ყაველაშვილის განცხადება ივანიშვილის "უბადრუკი" მცდელობაა, ხელი შეუშალოს ოპოზიციას ერთიანი გადაწყვეტილებების მიღებაში.

იგი ხაზს უსვამს ოპოზიციის ერთიანობის მნიშვნელობას და მოუწოდებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ამ მხრივ, კიდევ ერთხელ გადადგას ნაბიჯები ოპოზიციური პარტიების მობილიზებისაკენ.

"თავის მხრივ, ყაველაშვილის ეს უბადრუკი მცდელობა არის ივანიშვილის შიშების დემონსტრირება, მორალური დილემებით გაათულოს ოპოზიციის მიერ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა - ვიბრძოლოთ ყველა ველზე.

შესაბამისად, მივმართავთ, ქალბატონ პერზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, ავუსრულოთ ივანიშვილის რუსული კოშმარი. ვთხოვთ მას, კიდევ ერთხელ ვცადოთ ერთიანობა და ავასრულოთ მთავარი შიში, რაც ივანიშვილს და მის რუსულ რეჟმს აქვს - ერთობა და საერთო ბრძოლა, რომელშიც ის სამარცხვინოდ დამარცხდება. ამ ბრძოლაში ჩვენ ერთიანობას ვითხოვთ. არანაირ ბრძოლას არ ექნება აზრი, თუ ჩვენ ერთიანობის მიღწევას ვერ შევძლებთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არანაირი ჩვენ მიხეილ ყაველაშვილს, არალეგიტიმურ პრეზიდენტს, მივუთიტებთ გზას რუსული ხომალდისკენ. შეწყალების თხოვნა, მოთხოვნა და განცხადებები არ იქნება, ეს გამორიცხულია", - განაცხადა კუპრაძემ.