რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის დროს ილჰამ ალიევს Azerbaijan Airlines თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო ბოდიში მოიხადა. კრემლის ინფორმაციით, საუბარი მოსკოვის ინიციატივით შედგა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პუტინმა ბოდიში მოიხადა "ტრაგიკული ინციდენტის" გამო, რომელიც რუსეთის საჰაერო სივრცეში მოხდა და დაღუპულების ოჯახის წევრებს სამძიმარი გამოუცხადა.
"საუბარში აღინიშნა, რომ აზერბაიჯანულმა სამგზავრო თვითმფრინავმა, რომელიც განრიგს მკაცრად მიჰყვებოდა, გროზნოს აეროპორტში დაჯდომა არაერთხელ სცადა. ამ დროს გროზნოს, მოზდოკსა და ვლადიკავკასს უკრაინული დრონები დაესხნენ თავს და რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემები ამ თავდასხმას იგერიებდნენ", - ნათქვამია კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გარდა ამისა, რუსეთში ამბობენ, რომ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყეს.
Azerbaijan Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა, ყაზახეთის ქალაქ აქტაუსთან 25 დეკემბერს ჩამოვარდა. დაიღუპა 38 ადამიანი.
Euronews და Reuters წერდნენ, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემები გახდა. Reuters-ის ინფორმაციით, რაკეტა ბაქოდან გროზნოში მფრინავ თვითმფრინავს გროზნოს თავზე "დრონის საჰაერო აქტივობისას" გაისროლეს. რაკეტა თვითმფრინავთან ახლოს აფეთქდა, რის გამოც გარედან დააზიანა.