საქართველოში დღეს არსებულ ვითარებასა და ხელისუფლების ბოლო დროინდელ გადაწყვეტილებებსა და ქმედებებზე რადიო თავისუფლებასთან პორტუგალიის ყოფილმა საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრმა ჟოაო გომეშ კრავინიომ ისაუბრა.
მისი შეფასებით, ქართული ოცნების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ევროკავშირის საპირისპირო მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებია, ვინაიდან დემოკრატიის დასუსტება და ევროკავშირში ინტეგრაცია ერთმანეთთან შეუთავსებელია.
"ვფიქრობ, რასაც ბოლო ხანს ვაკვირდებით, არის გადაწყვეტილება - აღარ გაგრძელდეს სვლა ამ [ევროკავშირისკენ] გზაზე, არამედ, სინამდვილეში, შესაძლოა, ეს იყოს სვლა საპირისპირო მიმართულებით. ეს ცალსახად არის საპირისპირო მიმართულებით სვლა. ევროკავშირთან დასაახლოებლად... შეუძლებელია, ერთმანეთს შეუთავსო დასუსტებული დემოკრატია - სულ უფრო მეტად ხარვეზიანად.
მოქმედი სახელმწიფო ინსტიტუტებითა და შელახული კანონის უზენაესობით და ევროკავშირთან დაახლოება. ესენი ერთმანეთთან შეუთავსებელია, ერთმანეთის საპირისპიროა. ჩვენ კი, ევროპის პერსპექტივიდან ვხედავთ საქართველოს ევროპისგან დაშორების გადაწყვეტილებებს", - თქვა პორტუგალიელმა დიპლომატმა.
მან რუსეთ-უკრაინის ომის მნიშვნელობაზეც ისაუბრა საქართველოს კონტექსტში და თქვა, რომ ახლა უკრაინის მოგებით ყველაზე მეტად საქართველო უნდა იყოს დაინტერესებული, რადგან თუ უკრაინა დამარცხდება, ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას რუსეთი მიიღებს.
"ვფიქრობ, იმ ომის შედეგს, რომელსაც რუსეთი აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ, ექნება ფუნდამენტური მნიშვნელობა საქართველოსთვის. არ მგონია, რომ ეს არის ის [საკითხი], სადაც ქართველებისთვის რაიმე აზრი ჰქონდეს დაცდას და შემდეგ არჩევანის გაკეთებას. ვინაიდან, თუკი უკრაინა ომს წააგებს და რუსეთს მიეცემა უკრაინის მიმართ საკუთარი ნების განხორციელების შესაძლებლობა, მაშინ საქართველოს არანაირი შანსი აღარ ექნება.
ასე რომ, საქართველოს ინტერესებშია, თუკი მას ამის სურვილი აქვს, რომ იყოს დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა, თავად განაგოს საკუთარი ბედი, იმის უზრუნველსაყოფად, რომ რუსეთი დამარცხდეს უკრაინაში. სხვა შემთხვევაში, შეგიძლიათ რამდენიც გინდათ, იმდენი უცინოთ მოსკოვს, მაგრამ ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მხოლოდ და მხოლოდ მოსკოვი მიიღებს", - თქვა მან.