ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი აღნიშნავს, რომ მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია ძალიან მრავალფეროვან იყო, რაც ქართულ ოცნებას აშინებს. ამის შესახებ მან ფორმულას ეთერში ისაუბრა.
"ამ საპროტესტო აქციაზე სოლიდარობის გამოსახატად წავედი, ნამდვილად ძალიან მრავალფეროვანი აქცია იყო. ბევრი სხვადასხვანაირი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში და უჭერდნენ ამ ახალგაზრდას მხარს. ეს ადამიანი ნამდვილად იმსახურებს მხარდაჭერას, რადგანაც უცნაური იარლიყი აქვს მიკრული, ეს არ არის სამართლიანი. ეს მიუღებელია და ახალგაზრდა, პროგრესული ადამიანები, ასაკოვანი ხალხი, ძალიან მრავალფეროვანი აქცია იყო, მხოლოდ და მხოლოდ ერთი ჯგუფი, ერთი თემი არ იყო წარმოდგენილი, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ქართველები, ახალგაზრდები, ასაკოვანი ხალხი, ეს ნამდვილად აშინებს ქართულ ოცნებას", - აღნიშნა მან [სინქრონული თარგმანი].
31 მარტს სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს - შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 29 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ დააკავეს ერთი ადამიანი, ვინც მათი მტკიცებით, 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა. უწყება ამტკიცებს, რომ ამის შედეგად, პოლიციელებმა დაზიანებები მიიღეს.
შსს-ს განცხადებით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს და 7-9 მარტს მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს "მომხდარ ძალადობრივ ქმედებებზე" საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
აქტივისტის წინააღმდეგ ხელისუფლებამ სიძულვილის კამპანია დაიწყო. უკვე ორჯერ ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ "ორიენტაციაარეული" უწოდა.