კოპალეიშვილი კობახიძეს: პირველკურსელივით უყურებთ ამ [პრეზიდენტის იმპიჩმენტის] საქმეს

კოპალეიშვილი კობახიძეს: პირველკურსელივით უყურებთ ამ [პრეზიდენტის იმპიჩმენტის] საქმეს

"პირველკურსელივით უყურებთ ამ საქმეს" - ასე მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა, მაია კოპალეიშვილმა ქართული ოცნების თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის არსებითი განხილვის ფარგლებში.

კოპალეიშვილის თქმით, "სერიოზული პრობლემაა", როდესაც ცდილობენ სალომე ზურაბიშვილის ვიზიტები, რომლებიც საქართველოს ევროინტეგრაციას უკავშირდება კონსტიტუციის დარღვევად მიიჩნიონ.

"მინდა გითხრათ ბატონო ირაკლი, თქვენ ხომ გინდათ სტუდენტებზე გააკეთოთ აქცენტი და რატომღაც იძახით, პირველი კურსის ქეისიაო, ახლა გეტყვით ამაზე პასუხს - პირველი კურსის ქეისია ზუსტად იმიტომ, რომ თქვენ, როგორც პირველკურსელი უყურებთ ამ საქმეს. ეს საკითხი ეხება სახელმწიფოს ინტერესებს, ქვეყნის იმიჯს და პრეზიდენტის იმ ვიზიტებს ეხება, რომლებიც ევროინტეგრაციის საკითხებს უკავშირდებოდა და თქვენ გინდათ, რომ პრეზიდენტის ის ვიზიტები, რომლებიც ევროინტეგრაციის საკითხებს უკავშირდება, მიიჩნიოთ კონსტიტუციის დარღვევად და ეს არის სწორედ სერიოზული პრობლემა. იმპიჩმენტი არის პოლიტიკური პროცესი, იმპიჩმენტი გადმოვიდა საკონსტიტუციო სასამართლოში და თქვენ გინდათ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღოს თქვენთვის სასარგებლო დასკვნა, რომელიც გინდათ გამოიყენოთ იმპიჩმენტის პროცესისათვის", - განაცხადა კოპალეიშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლოში იმპიჩმენტის წარდგინების განხილვამდე რამდენიმე საათით ადრე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაწერა, რომ მისი წარმომადგენლები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იქნებიან.

დღეს, 3 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის წარდგინებას ზეპირი მოსმენა მიმდინარეობს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ ფორმულასთან 22 სექტემბერს განაცხადა, რომ სხდომა, შესაძლოა, მეორე დღესაც გაგრძელდეს.

პირველ სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნება სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. მიზეზად პარტიაში მთავრობის უარის მიუხედავად, პრეზიდენტის ევროპაში გამგზავრება დაასახელეს, რითაც მან "უხეშად დაარღვია კონსტიტუცია".

30 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტის პარალელურად განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მას ყველა მოთხოვნილ ვიზიტზე უარი უთხრეს, მათ შორის, უკრაინაში.

№1797 კონსტიტუციურ წარდგინებაში განხილვის საგანს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის შესაძლო დარღვევა, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების გამო, რაც გამოიხატა საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების განხორციელებით და ოფიციალურ პირებთან სამუშაო შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გამართვით.

კერძოდ, საუბარია სამ სამუშაო ვიზიტზე: 2023 წლის 31 აგვისტოს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, 2023 წლის 1 სექტემბერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან და 2023 წლის 6 სექტემბერს საფრანგეთის პრეზიდენტთან.