კოლონა: ისრაელი-ჰამასის ომში აუცილებელია დაუყოვნებლივი და მდგრადი ზავი

კოლონა: ისრაელი-ჰამასის ომში აუცილებელია დაუყოვნებლივი და მდგრადი ზავი

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, კატრინ კოლონას განცხადებით, ისრაელი-ჰამასის ომში აუცილებელია დაუყოვნებლივი და მდგრადი ზავი. კოლონა ისრაელში ვიზიტით გუშინ იმყოფებოდა.

"დაბომბვები ძალიან დიდ ტანჯვას იწვევს. ისრაელმა უნდა დაიცვას მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე, როგორც ამას საერთაშორისო სამართალი მოითხოვს და უნდა დაეთანხმოს ცეცხლის შეწყვეტას, რომელიც მძევლების გათავისუფლების საშუალებას მისცემს.

მან უნდა დაუშვას უფრო დიდი მოცულობით დახმარება, შეინარჩუნოს საავადმყოფოებისა და სამედიცინო დაწესებულებების ფუნქციონირება. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ და ვიმუშაოთ სერიოზულად პალესტინელებისთვის სახელმწიფოს მშენებლობაზე, არა ხვალ, ან ზეგ, არამედ ახლა", - აღნიშნა მან.

7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.