კობახიძეს მიაჩნია, რომ "ორიენტაციაარეულებზე" მისი განცხადება დისკრიმინაცია არ არის

კობახიძეს მიაჩნია, რომ "ორიენტაციაარეულებზე" მისი განცხადება დისკრიმინაცია არ არის

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ფიქრობს, რომ სტუდენტების "ორიენტაციაარეულებლად" მოხსენიება დისკრიმინაცია არ არის. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა, სადაც ეს ტერმინები კიდევ ერთხელ გაიმეორა.

"არა, არ არის დისკრიმინაცია", - განაცხადა მან.

აქვე მან თქვა, რომ ყველანაირ ორიენტაციაში იგულისხმება პოლიტიკური და "სხვა ტიპის ორიენტაციაც". მისი განცხადებით, "ეს პოლიტიკური ორიენტაციის პრობლემა სხვა ორიენტაციასთან არის პირდაპირ დაკავშირებული".

ჟურნალისტის კითხვაზე, კონკრეტულად გულისხმობს თუ არა სექსუალურ ორიენტაციას, კობახიძე პასუხობს:

"მე არ მინდა, სხვის ინტიმურ სფეროში შევიჭრა და აქედან გამომდინარე, ასეთ რაღაცებს არ დავაკონკრეტებ, მაგრამ მე მინდა გითხრათ ერთი რამ, რომ ეს ადამიანები არიან არეული ზოგადად საკუთარ ამბებში, პოლიტიკურ ამბებში, თუ სხვა ტიპის ამბებში, ეს არის მათი პრობლემა, თუმცა ისინიც არიან ჩვენი მოქალაქეები, რა თქმა უნდა, ამ ახალგაზრდების გაიგივება ჩვენს ღირსეულ ახალგაზრდობასთან არის პირადად ჩემთვის, დარწმუნებული ვარ, ყველასთვის, მიუღებელი.

მაგრამ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, რა თქმა უნდა, იმ ახალგაზრდებზეც, რომლებსაც არეული აქვთ ორიენტაცია, მათ შორის პოლიტიკური ორიენტაცია. ადამიანი როცა არის გირჩელი, ნაცი და ა.შ. მას სჭირდება გადარჩენა და ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა ვიზრუნოთ ნებისმიერ ასეთ მოქალაქეზე, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ასეთი ახალგაზრდების გადარჩენაზეც", - თქვა მან.

გუშინ, მას შემდეგ, რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ირაკლი კობახიძეს რუსული რუბლის კუპიურები გადააყარეს, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ სტუდენტებს "ორიენტაციაარეული" უწოდა.

ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც ირაკლი კობახიძე სიტყვა "ორიენტაციაარეულს" უწოდებს მისთვის არასასურველ ახალგაზრდებს. ქართული ოცნება ხშირად ცდილობს, მათთვის არასასურველი ადამიანების თუ ჯგუფების მარგინალიზაციას ჰომოფობიური განწყობების წახალისებით.

ქართულმა ოცნებამ სიძულვილი კამპანია დაიწყო 7-8 მარტის აქციების გამო დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის წინააღმდეგ, რომელსაც კობახიძემ "ორიენტაციაარეული" რამდენჯერმე უწოდა.