ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ალან ბერსეს მიერ გავრცელებულ წერილში ნათქვამია, რომ ოცნების პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ მას ერთობლივ სამუშაო ჯგუფში მუშაობაზე უარი უთხრა.
როგორც ცნობილია, სამუშაო ჯგუფი რუსულ კანონთან დაკავშირებით უნდა შექმნილიყო და ამაზე ორმხრივი შეთანხებაც არსებობდა. კერძოდ, ბერსემ 2024 წლის 20 დეკემბერს საქართველოში ვიზიტის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობისგან მიიღო დაპირება, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი და მოხდება იმ ცვლილებების იდენტიფიცირება, რომლებიც უნდა შეიცვალოს კანონში.
განცხადებაში ნათქვამია, რომ სატელეფონო საუბარი ბერსესა და ირაკლი კობახიძეს შორის 3 თებერვალს შედგა, რა დროსაც ოცნების პრემიერმა განაცხადა, რომ შეცვლილი გარემოებების გამო მის ხელისუფლებას აღარ სურდა საერთო სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა ან ცვლილებების შეტანა უცხოური გამჭვირვალობის კანონში.
"ორშაბათს სატელეფონო საუბრისას პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ შეცვლილი გარემოებების გამო მის მთავრობას აღარ სურს მონაწილეობა მიიღოს ერთობლივ სამუშაო ჯგუფში ან შეცვალოს კანონის, როგორც ეს ადრე იყო განხილული. თუმცა, მან კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ვალდებულება გააგრძელოს მუშაობა ევროპის საბჭოსთან მთავრობათაშორისი თანამშრომლობის ფარგლებში.
გენერალურმა მდივანმა დიდი სინანულით აღნიშნა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება. მან ასევე გაიმეორა შეშფოთება საქართველოში კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის, ასევე მისი პოლიტიკური ლანდშაფტის პოლარიზაციის შესახებ. ახლა ამოცანაა შევაფასოთ მთავრობის კურსის შეცვლის შედეგად შექმნილი ახალი ვითარების გავლენა. საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგი გრძელდება.
ევროპის საბჭოს როლი არის ენერგიულად დაიცვას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პრინციპები. ამ მიზნით, გენერალური მდივნის ვიზიტის შემდეგ, ევროპის საბჭოს რამდენიმე ორგანო ეწვია საქართველოs მათ შორის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები, წამების პრევენციის კომიტეტი (CPT), ადამიანის უფლებათა კომისარი და ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესი", - ვკითხულობთ განცხადებაში.