ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე NATO-ში გაწევრიანების გზაზე უკრაინისთვის MAP-ის მოხსნას ეხმაურება და ამბობს, რომ ერთადერთი მიზეზი, რატომაც უკრაინის მიმართ ყურადღებას იჩენენ - ომია.
კობახიძე კვლავ აგრძელებს პროპაგანდისტულ ნარატივს, თითქოს ოპოზიციას, უკრაინას და უცხოელ პოლიტიკოსებს საქართველოს ომში ჩართვა სურდათ.
"უკრაინა არის ომის მდგომარეობაში და აქედან გამომდინარე, უკრაინის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება არის გასაგები და არ უნდა შეგვშურდეს. ერთი რამე უნდა გავიხსენოთ ოღონდ ამ კონტექსტში, 2008 წელს, როცა ჩვენ გვქონდა ომი, მაშინ, გახსოვთ, რომ MAP-იც არ მოგვანიჭეს.
დიფერენციაციის საფუძველი, როდესაც არის ომის მდგომარეობა, ჩვენ ამას ვერაფერს ვერ ვუზამდით. ერთადერთი, რაც შეიძლებოდა გაგვეკეთებინა, არის ჩართვა ომში, რასაც ითხოვდა ჩვენი კოლექტიური ოპოზიცია, ნაციონალური მოძრაობა და რასაც ითხოვდა უკრაინის ხელისუფლება და არა ერთი უცხოელი ექსპერტ-პოლიტიკოსი. ჩვენ ამას ვერ გავაკეთებდით, აქედან გაომდინარე, ეს დიფერენცირება არის ბუნებრივი და ჩვენ ამის ვერ შეგვშურდება", - თქვა კობახიძემ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ თქვა, რომ NATO-ს მოკავშირეები უკრაინისთვის MAP-ის ამოღებაზე შეთანხმდნენ. გადაწყვეტილება ოფიციალურად, სავარაუდოდ, NATO-ს ვილნიუსის სამიტზე გამოცხადდება, რომელიც ახლა იმართება.
საქართველოს პრემიერი ვილნიუსში არ იმყოფება. ქვეყანა სამიტზე საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზეა წარმოდგენილი - ქართული ოცნების ხელისუფლებას აკრიტიკებენ ინერტულობისთვის, სათანადო რეფორმების არგატარებისა და რუსეთის მიმართ ლოიალური პოლიტიკისთვის, რასაც მოყვა საქართველოს ჩამორჩენა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის გზაზე.