ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ აშშ-ს კლანის მოსამართლეების სანქცირებისთვის საჭირო მტკიცებულებები არ ჰქონდა, და ოცნების მხრიდან მათი მოთხოვნის შემდეგ "აშშ-ის ელჩს მოუწია უკან დახევა და იმის თქმა, რომ ეს არის არა სანქცია, არამედ მოსანქციო რამ ანუ სავიზო შეზღუდვაა".
ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა.
კობახიძის თქმით, ორმხრივ შეხვედრებზე, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ გაირკვა "რეალურად არანაირი მტკიცებულება არ არსებობს".
"ეს ყველაფერი გაირკვა როგორც ორმხრივ შეხვედრებზე ასევე საჯაროდაც გაირკვა, ალბათ ნახეთ ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან, იქაც დაისვა კითხვები და 0 მტკიცებულება, არავითარი მტკიცებულება. ნუ გაუგებარია, საუბარია როგორ შეიძლება საჯარო ინფორმაცია გახდეს სანქცირების წყარო, ამას ხომ გამოძიება, მოკვლევა ჭირდება რაც არ მომხდარა. რეალურად არანაირი მტკიცებულება არ არსებობს და ეს გაირკვა. და რეალურად, იმის გამო, რომ ჩვენ მოვითხოვეთ მტკიცებულებები, საბოლოოდ ამის გამო მოუწია ელჩს უკან დახევა და იმის თქმა, რომ ეს არის არა სანქცია, არამედ მოსანქციო რამ ანუ ესაა სავიზო შეზღუდვა და არა სანქცია. სინამდვილეში ეს იყო უკან დახევა და მიზეზი იყო ის, რომ ჩვენ მოვითხოვეთ მტკიცებულებები და მტკიცებულებები არ არსებობს“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, აშშ-ის წარმომადგენლები ვერ მიუთითებენ წყაროებზე, რომელთა საფუძველზეც მოხდა მოსამართლეთა სანქცირება. კობახიძის აზრით, შესაძლოა, აშშ გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაეყრდნო NGO-ებისა და კრიტიკული მედიაში გაჟღერებულ, კობახიძის თქმით, "ათას დეზინფორმაციას" რაც "სასამართლოს დამოუკიდებლობაზე თავდასხმას" ემსახურება.
"ვერავითარ წყაროებზე მითითება ვერ ხდება. რაც შეგვიძლია ვივარაუდოთ ეს არის NGO-ების და ოპოზიციური ტელევიზიების მიერ გაჟღერებული ათასი დეზინფორმაცია. თქვენ იცით, რომ არის მიზანმიმართული შეტევა სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმართ" - განაცხადა კობახიძემ.
ოცნების თავმჯდომარის თქმით, ღია წყარო შეიძლებოდა ყოფილიყო მედია, რომელიც "ნაცმოძრაობის საკუთრებაშია" ან NGO-ების დასკვნები, რომლებსაც "არავითარი ფასი არ აქვს, ჩვენ ხომ ვიცით, რომ ეს NGO-ები სინამდვილეში არიან უცხოელი აგენტები".
7 აპრილს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აშშ-ის ელჩთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ "ელჩმა თქვა, ეს არ არის სანქცია, ეს არის სავიზო შეზღუდვა და ენობრივი თარგმანის პრობლემა იყო".
5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს კორუფციის გამო სანქციები დაუწესა. სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, მათ ბოროტად გამოიყენეს საკუთარი თანამდებობები.
ლევან მურუსიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლეა და ამჟამად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია. მიხეილ ჩინჩალაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეა. მოსამართლე ირაკლი შენგელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარის თანამდებობაზეა. რაც შეეხება ვალერიან ცერცვაძეს, ის რამდენიმე წელია სასამართლო სისტემაში აღარ მუშაობს.