პაპუაშვილი: ელჩმა თქვა ეს არაა სანქცია, სავიზო შეზღუდვაა, ენობრივი თარგმანის პრობლემა იყო

პაპუაშვილი: ელჩმა თქვა ეს არაა სანქცია, სავიზო შეზღუდვაა, ენობრივი თარგმანის პრობლემა იყო

"ელჩმა თქვა, ეს არ არის სანქცია, ეს არის სავიზო შეზღუდვა და ენობრივი თარგმანის პრობლემა იყო", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აშშ-ის ელჩთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

"ყოველ შემთხვევაში, შედეგობრივად დიდი განსხვავება არ არის, თუმცა ტერმინი სანქცია, ალბათ, აქ არ გამოიყენება", - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, რომ თუ აშშ მოსამართლეების სანქცირების შესახებ მტკიცებულებებს არ წარმოადგენს, მათი მოლოდინია, რომ სანქციები გაუქმდება. პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მტკიცებულებების გარეშე "საქართველოს მოქალაქეებს და ჩვენს ქართველ მოსამართლეებს კორუმპირებულად, რა თქმა უნდა, ვერ მოვახსენებინებთ".

5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს კორუფციის გამო სანქციები დაუწესა. სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, მათ ბოროტად გამოიყენეს საკუთარი თანამდებობები.

ლევან მურუსიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლეა და ამჟამად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია. მიხეილ ჩინჩალაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეა. მოსამართლე ირაკლი შენგელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარის თანამდებობაზეა. რაც შეეხება ვალერიან ცერცვაძეს, ის რამდენიმე წელია სასამართლო სისტემაში აღარ მუშაობს.