ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სალომე ჯაშის ფილმს მოთვინიერება სამარცხვინოს უწოდებს. ეს განცხადება მან კინოცენტრის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად გააკეთა.
დოკუმენტური ფილმი მოთვინიერება ასახავს საქართველოს სანაპირო ზოლიდან მასიური და უძველესი ხეების მდიდარი და პოლიტიკური ძალაუფლების მქონე ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის, კერძო ბაღში გადატანის პროცესს.
კობახიძის თქმით, ამ ფილმის დაფინანსებას კინოცენტრში საკადრო გადაწყვეტილებებთან კავშირი არ აქვს.
"ამ საკადრო საკითხებთან რა კავშირი აქვს ამ ფილმს, არ ვიცი. თვითონ ფილმზე შემიძლია გითხრათ, რომ ეს ფილმი უბრალოდ სამარცხვინოა. თქვენც დარწმუნდით, რომ ეს სამარცხვინო ფილმია, რაც გადაიღო კინოცენტრის დაფინანსებით კონკრეტულმა რეჟისორმა. რეალურად, ბიძინა ივანიშვილმა ჩადო თავისი ფული, კონკრეტული ინვესტიცია იმ პარკის მოწყობაში, რომელიც დარჩება მომავალ თაობებს, ეს არის უნიკალური დენდროლოგიური პარკი, რომლის ანალოგია არ არსებობს არც რეგიონში, არც უფრო ფართო მასშტაბით. ეს არის ყველასთვის ხელმისაწვდომი, ბავშვებისთვის, ნებისმიერი ჩვენი მოქალაქისთვის, ტურისტისთვის ხელმისაწვდომი პარკია. ამაზე როდესაც იღებ ასეთ ირონიულ ფილმს, უბრალოდ სამარცხვინოა. მაგრამ საკადრო გადაწყვეტილებებთან რა კავშირი აქვს ამას, ეს მისი პასუხისმგებლობაა", - ამბობს კობახიძე.
კითხვაზე, ექნებათ თუ არა რეჟისორებს მსგავსი შინაარსის ფილმების გადაღების შესაძლებლობა, კობახიძე პასუხობს, რომ "ფილმი შეიძლება იყოს კრიტიკულიც, პოლიტიკურად სენსიტიურიც, თუმცა, სამარცხვინო შინაარსის ფილმი არ უნდა ფინანსდებოდეს".
"სამარცხვინო შინაარსის ფილმი უნდა დააფინანსოს მაინცდამაინც კინოცენტრმა? ასეთი მიდგომა რომ ჩანს... ვიღაცამ დააფინანსა აშკარად პოლიტიკურად გაუგებარი ფილმი, აშკარად პოლიტიკური მიზანი იკვეთებოდა ამ ფილმის დაფინანსების უკან, იმიტომ რომ როცა აბსურდს აფინანსებ, ამას ვერ ექნება ვერანაირი ახსნა და განმარტება... კინოცენტრი ხომ ხელისუფლების მიერ კომპლექტდება? ამ კუთხით ერევა მხოლოდ კინოცენტრის საქმიანობაში ხელისუფლება. აქ მთავარია, რომ სამარცხვინო შინაარსის ფილმი არ იყოს გადაღებული, ეს კონკრეტული მაგალითია, რა თქმა უნდა, კრიტიკულიც, პოლიტიკურად სენსიტიურიც შეიძლება იყოს ფილმი, მაგრამ როდესაც აბსურდზე იღებ ფილმს, ეს გაუგებარია და ამას საკადრო გადაწყვეტილებებთან არავითარი კავშირი არ აქვს", - თქვა კობახიძემ.
დღეს ირაკლი კობახიძემ კინოცენტრში განვითარებულ მოვლენებზეც გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ "ეჭვობს", რომ კინოცენტრში "თავის დროზე, რაიმე კლანი იყო ჩამოყალიბებული".
28 აპრილს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს კინოაკადემიამ ქართველი კინოდოკუმენტალისტი სალომე ჯაშის ფილმის ჩვენებები გააუქმა.
დოკუმენტური ფილმი "მოთვინიერება" ასახავს საქართველოს სანაპირო ზოლიდან მასიური და უძველესი ხეების მდიდარი და პოლიტიკური ძალაუფლების მქონე ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის, კერძო ბაღში გადატანის პროცესს.
ჯაში აცხადებს, რომ კინოაკადემიამ 28 აპრილის ჩვენების გარდა ყველა სეანსი გააუქმა, რის მიზეზადაც კინოაკადემიის დირექტორმა განაცხადა, რომ მათთვის მიუღებელია ისეთი ნაწარმოების ჩვენება, "რომელიც აზრთა სხვაობას იწვევს და საზოგადოებას პოლიტიკური ნიშნით ყოფს".