ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე "ეჭვობს", რომ კინოცენტრში "თავის დროზე, რაიმე კლანი იყო ჩამოყალიბებული". ეს განცხადება მან ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა და აღნიშნა, რომ კინოცენტრის გარშემო "ჭარბი აჟიოტაჟია შექმნილი".
კობახიძის თქმით, საჭიროა მეტი რესურსის ჩადება ქართული კინოს განვითარებაში. ის ამტკიცებს, რომ "სწორედ აქეთკენ არის მიმართული წულუკიანის ქმედებები".
"რაღაც ჭარბი აჟიოტაჟია შექმნილი, ასე მგონია, კინოცენტრის გარშემო. ეჭვი გამიჩნდა, რაიმე კლანი ხომ არ იყო იქ ჩამოყალიბებული თავის დროზე? არ ვიცი, მართლა არ ვიცი რაზეა საუბარი. ზოგადად, ქართულ კინოს სჭირდება გაჯანსაღება, საჭიროა მეტი რესურსის ჩადება, მათ შორის ინტელექტუალური რესურსის ჩადება ქართული კინოს განვითარებაში. აქეთკენ არის მიმართული, რა თქმა უნდა, მინისტრის ქმედებები. დანარჩენი უნდა გადაწყდეს დისკუსიის ფორმატში და არა პროტესტით", - თქვა კობახიძემ.
ამასთან, კობახიძე ამტკიცებს, რომ კინოცენტრის გარშემო "შეიძლება იყოს სუბიექტური ინტერესები".
"კინოს კონტროლს რაც შეეხება, ესეც წარსულს ჩავაბარეთ. 2012 წლამდე გახსოვთ რა ხდებოდა, პირდაპირ, ყველა კინოს იღებდნენ პოლიტიკური დაკვეთებით. ეს აღარ ხდება დღეს. არ ვიცი, რეალურად, რა არის ამ პროტესტის მიზეზი. შეიძლება იყოს სუბიექტური ინტერესები, მაგრამ როდესაც არცერთი ნაბიჯი არ გადადგმულა ქართული კინოს ინტერესების წინააღმდეგ და უბრალოდ, რაღაც სახელების და გვარების გამო გამოთქვამ პროტესტს, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ რაღაც სუბიექტური ინტერესი არსებობდეს, რაიმე კლანი ხომ არ იყო ჩამოყალიბებული? ეს საინტერესოა", - აცხადებს კობახიძე.
* * *
11 ივნისს კინოცენტრის დირექტორის მოადგილემ ნინო კუხალაშვილმა განაცხადა, რომ კულტურის სამინისტრომ მისი შტატი გააუქმა და 12 ივლისიდან გათავისუფლებულია თანამდებობიდან.
მისი თქმით, წულუკიანმა რეორგანიზაცია დაიწყო, კინოცენტრის დებულებაში ცვლილებები შეიტანა, ხოლო დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად კობა ხუბუნაია დანიშნა - ის კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსიცაა.
კობა ხუბუნაიას ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ის 2021 წელს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე იყო, მანამდე კი იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ აღსრულების ეროვნულ ბიუროში საფინანსო საკითხებში ეკონომიკური სამსახურის მრჩეველი იყო.
მოგვიანებით მან ფორმულასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ კინოცენტრის თანამშრომლებს ოფისმენეჯერად პროპაგანდისტული, სახელისუფლებო არხის POSTV-ის ჟურნალისტის, ბაჩო ოდიშარიას დანიშვნის ბრძანება დაუმალეს.
პროპაგანდისტული, სახელისუფლებო არხის POSTV-ის ჟურნალისტი, ბაჩო ოდიშარია, რომელიც მისივე თქმით, კინოცენტრში კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა, ფორმულასთან ამბობს, რომ კინოცენტრში "რეორგანიზაციაში ჩაერთვება."