რაც შეეხება გამჭვირვალობას, აქაც გვჭირდება ჩვენ გარკვეული დასაბუთება. ახლა ემოციური ფონი აღარ არის, მაშინ ემოციურ ფონზე ადვილად მოატყუეს ადამიანები, განსაკუთრებით ახალგაზრდების ნაწილი. ახლა აღარ არის ეს ემოციური ფონი და კიდევ ერთხელ ვთავაზობ ყველას, ვიმსჯელოთ ამ საკითხთან დაკავშირებით.
ჩვენ ვამტკიცებთ ერთ რამეს, უცხოური დაფინანსება საქართველოში გამოიყენება პოლიტიკური მიზნებისთვის, მათ შორის, ამ არჩევნებზე დაფიქსირდა უპრეცედენტო გარე ჩარევა და მათ შორის, უცხოური ფულით გარე ჩარევა. ერთადერთი სახალხო აქცია, რაც არ გამოუვიდათ, მაგრამ სცადეს ოპოზიციის ეგიდით, იყო დაფინანსებული NGO-ების მიერ, მათი მიტანილი იყო სცენა, მათი ორგანიზებული იყო ყველაფერი. წარმოიდგინეთ, რომ უცხოური დაფინანსებით საქართველოში ჩატარდა ოპოზიციის წინასაარჩევნო აქცია არჩევნებამდე 6 დღით ადრე. ამაზე გვაქვს საუბარი, უნდა იყოს თუ არა ეს გამჭვირვალე, როცა პოლიტიკას აფინანსებენ გარედან, თან როცა რადიკალურ ოპოზიციურ ძალებს... აღარ ჩამოვყვები ყველაფერს და ერთი მნიშვნელოვანი საკითხია კიდევ, ლიბერალური ფაშიზმი.
თქვენ ხედავთ რა ხდება საზოგადოებაში, როგორ ცდილობენ, ერთმანეთს დაუპირისპირონ საზოგადოების წარმომადგენლები, ქართველი დაუპირისპირონ ქართველს, ამ ქვეყნის მოქალაქე დაუპირისპირონ ამ ქვეყნის მოქალაქეს. არიან ადამიანები, რომლებიც არაფერს არ ერიდებიან, მათ შორის, არიან ადამიანები, რომლებსაც განსაკუთრებული დამსახურება აქვთ ამ ქვეყნის წინაშე და მათ მიმართაც შეიძლება, რომ აღვირახსნილი ბულინგის კამპანია დაიწყოს, ფეხბურთელი იქნება ეს, ოლიმპიური ჩემპიონი იქნება, მუსიკოსი, თუ სხვა კულტურის სფეროს წარმომადგენელი და ა.შ. პოლიტიკოსებზე აღარაფერია სასაუბრო...
არ შეიძლება ამაზე უცხოური ფული იხარჯებოდეს და თან ეს ყველაფერი იყოს ბუნდოვანი, გაუმჭვირვალე. ამაზე გვაქვს საუბარი. მაშინ შეეშვან - თუ გვთხოვენ ამ კანონის გაუქმებას, მაშინ შეეშვან სიძულვილის დათესვას ამ ქვეყანაში უცხოური დაფინანსებით, შეეშვან რადიკალიზმის დათესვას, ბულინგის წახალისებას ამ ფულით და რადიკალური ოპოზიციის პოლიტიკურ დაფინანსებას.
განაცხადა პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსულ კანონთან დაკავშირებით იმედის ეთერში.