პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ის სენატში სენატორ ჯიმ რიშის მიერ გაკეთებული განცხადების პასუხად ამბობს, რომ სწორედ ქართული ოცნების დაპირებაა "არჩევნების შემდეგ ქართული სივრციდან და პოლიტიკიდან ვიგინდარების გაყრა".
გუშინ ჯიმ რიშმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე თქვა, რომ "ქართველ ხალხს ოქტომბერში ექნება საშუალება, მოიშორონ თაღლითები და მოიპოვონ კონტროლი საკუთარ მომავალზე".
ჯიმ რიშის განცხადების შეფასებისას კობახიძემ თქვა, რომ "არ შეიძლება უკულტურობის ასეთი დონე და ხარისხი აჩვენონ ადამიანებმა ამერიკის კონგრესში".
"რიშმა თქვა, რომ ამ არჩევნების შემდეგ ვიგინდარები გაიყრებიან ქართული სივრციდან და პოლიტიკიდან, მგონი ეს მართალია, ჩვენი დაპირებაც ეს არის. [...]
ეს ტერმინები არის უსიამოვნო, თავად ამ ტერმინების ავტორებისთვის და ამ განცხადებების ავტორებისთვის არ შეიძლება უკულტურობის ასეთი დონე და ხარისხი აჩვენონ ადამიანებმა ამერიკის კონგრესში.
ამერიკის კონგრესი იყო ის ინსტიტუცია წლების მანძილზე ჩვენთვის, რომელიც სამაგალითო იყო. ჩვენ ამაზე ვსწავლობდით რაღაცებს, წლების მანძილზე და დღეს ამ ინსტიტუტში, ჯერ კიდევ ძალიან ღირებულ ინსტიტუტში, ჩვენ ვხედავთ კულტურის ხარისხის ასეთი მასშტაბის შემცირებას, რაც ძალიან შემაშფოთებელია და პირადად ჩემთვის არის ძალიან გულსატკენი.
რაც შეეხება უშუალოდ სენატორ რიშს, ის იყო ჩამოსული 2012 წელს ნაცმოძრაობის მხარდასაჭერად, ის ყოველთვის იყო ნაცმოძრაობის გულმხურვალე მხარდამჭერი, უბრალოდ ბიძინა ივანიშვილმა მას და მის მეგობრებს შანსი არ დაუტოვა 2012 წელს და მათ, ისევე როგორც მათ მეგობარ სააკაშვილს, მოუწიათ არჩევნების შედეგების აღიარება", - თქვა კობახიძემ.